ნიკოლოზ მეტრეველი: “ნაცმოძრაობისთვის” რუსული ოკუპაცია ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების შენარჩუნების თუ მოპოვების ინსტრუმენტად

“სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ, საკუთარი ღალატისა და დეზერტირობის დაფარვის მიზნით, 2008 წლის ომის სიმართლეზე ლაპარაკი ღალატად გამოაცხადეს”, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

“2008 წლის ომთან დაკავშირებით დროა, თავსმოხვეული სტერეოტიპებიდან გავთავისუფლდეთ. სანამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის თუნდაც ერთი სანტიმეტრი ოკუპირებულია, ხალხისა და ნებისმიერი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა სუვერენიტეტის სრული აღდგენაა.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ზრუნვა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც უცვლელ ამოცანად რჩებოდა. მაგრამ “ნაციონალური მოძრაობისათვის” რუსული ოკუპაცია ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების შენარჩუნების თუ მოპოვების ინსტრუმენტად. 2008 წელს სააკაშვილის სისხლიანი და სამარცხვინო რეჟიმი, საქართველოშიც და დასავლელი მოკავშირეების თვალშიც უკვე ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებული იყო. ამიტომაც საკუთარი მოქალაქეების სისხლსა და ველურ აღმოსავლურ ფუფუნებაში ჩაფლულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, პოლიტიკური ვექტორი პუტინის ადმინისტრაციასთან გარიგებით ახალ მიმართულებაზე გადაეტანა.
2008 წლის აგვისტოს ღია დეზერტირებისა და პანიკიორების, სააკაშვილის მთავრობა რუსეთის ჯარებს საქართველოსა და გმირი ქართული არმიის ღალატით ქვეყანაში შემოუძღვა. შემდგომ მათთვის დამახასიათებელი უსინდისობითა და ცინიზმით საქართველოს მარცხი და ღალატი გამარჯვებად გამოაცხადეს. ამითაც არ დაკმაყოფილდნენ, ქართული საზოგადოებისა და დასავლელ მოკავშირეთა მოტყუებით  ხელი მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, რომლის ძალითაც აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა, პრაქტიკულად, ჩვენს ქვეყანას დააკისრეს.
ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, საკუთარი ღალატისა და დეზერტირობის დაფარვის მიზნით, 2008 წლის ომის სიმართლეზე ლაპარაკი ღალატად გამოაცხადეს. თუმცა სიმართლე ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მტერმაც და მოყვარემაც ნათლად იცის.
იმისათვის, რომ საქართველომ მოკავშირეებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანოს, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი განაყოფი სატელიტების დანაშაულებების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ეს ყველა მოქალაქის ვალია საქართველოს, ქართული არმიისა და ჩვენი დევნილი თანამემამულეების წინაშე”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები