მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არცერთი სიტყვა უთქვამთ ისეთი, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებში რაიმე დარტყმას მიაყენებს ამ ქვეყანას

„ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არცერთი სიტყვა   უთქვამთ ისეთი, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებში, სამართლებრივ სფეროში რაიმე დარტყმას მიაყენებს ამ ქვეყანას”, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მუხათგვერდის “ძმათა სასაფლაოზე” ჟურნალისტების კითხვას, აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების დადანაშაულება ჰააგის სასამართლოში საქართველოზე ნეგატიურად ხომ არ იმოქმედებს.
მდინარაძის შეფასებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი და სიტყვებით ბინძური თამაში.
როგორც მან განაცხადა, სახელმწიფო ბოლომდე დაიცავს თავის სამხედროებს, რომლებაც „მთავარსარდლისგან განსხვავებით, გმირობა ჩაიდინეს.” მდინარაძე ირწმუნება, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით  წინა ხელისუფლების კრიტიკა ქართველი სამხედროების საწინააღმდეგო ქმედება არ არის.
„ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არცერთი სიტყვა  უთქვამთ ისეთი, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებში, სამართლებრივ სფეროში რაიმე დარტყმას მიაყენებს ამ ქვეყანას. ესეც არის წმინდა წყლის მანიპულაცია და სიტყვებით ბინძური თამაში, რომ თუ ვინმე აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას” გააკრიტიკებს და რაიმე უგუნურებას აღმოუჩენს, ეს სამართლებრივ ჭრილში ჰააგაში დამაზიანებელი იქნება. ესეც არის ძალიან პრიმიტიული ლოგიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის” წევრები ავითარებენ. ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ „ქართული ოცნების” წევრებისგან არც ერთი სიტყვა არ თქმულა ისეთი, რომელიც სამართლებრივ ჭრილში დააზიანებს საერთაშორისო ასპარეზს. ქართული სახელმწიფო ბოლომდე დაიცავს თავის გმირ ბიჭებს, რომლებმაც აგვისტოს ომში გმირობა ჩაიდინეს, განსხვავებით მათი მთავარსარდლისგან. მათ ბოლომდე დავუდგებით გვერდით და თუ ვიღაცას გავაკრიტიკებთ, რომ მან ვერ უზრუნველყო ამ ქვეყანაში მშვიდობა და თავისი ტერიტორიების დაცვა, ეს კრიტიკა არასდროს   იქნება ქართული სამხედრო მოსამსახურის საწინააღმდეგო მოქმედება. ასეთ პრიმიტიულ კითხვებს „ნაციონალურ მოძრაობას” ნუ დაასმევინებთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები