ლევან ნიკოლეიშვილი: არ უნდა დაგვავიწყდეს სააკაშვილის უგუნური და პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც აგვისტოს ომის საბაბი გახდა

“რთულია, დაიჯერო იმ ხალხის, ვინც ომის საფრთხე ვერ აირიდა და ბოლო მომენტში ბედის ანაბარა მიატოვა მართლაც გმირი ბიჭები”, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” წერს.
„საქართველომ უნდა გააგრძელოს გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, მაგრამ, ამავდროულად, მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას 11 წლის წინათ გადახდა. ხვალ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიიდან 11 წელი სრულდება. არავის ეპარება ეჭვი იმაში, ვინ დაიწყო ომი – ცხადია, რუსეთმა და არა – 11 წლის წინათ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს მაშინდელი ხელისუფლების, კერძოდ კი სააკაშვილის უგუნური და პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც აგვისტოს ომის საბაბი გახდა. დღეს ამაზე საუბარს ყველა ერიდება – “ნაცებმა” “რუსეთუმეობა” არ დაგვაბრალონო. არადა, სიმართლე აუცილებლად უნდა ითქვას. ამ ომმა საქართველოში რამდენიმე ძირითადი მოქმედი პირი წარმოაჩინა: გმირულად მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები, გმირულად დაღუპული ჩვენი ულამაზესი გოგო-ბიჭები, მსხვერპლად შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობა, ლაჩარი და თავის ხალხისა და ჯარის მოღალატე ხელისუფლება – უპატრონო ცხედრები გაიხსენეთ, რომ არა საპატრიარქოსა და სამღვდელოების ძალისხმევა, როგორ იყვნენ მიტოვებულები. ამ დროს რუსთაველზე ხელისუფლება, სავარაუდოდ, თავის გადარჩენას ზეიმობდა – აკი აღნიშნეს კიდეც, ამოვისუნთქეთო. ოპოზიციამაც მორატორიუმი გამოუცხადა. მოკლედ, ამოისუნთქავდნენ, აბა, რა. მაგრამ მანამდე რატომ არ გამოიყენეს ყველა საერთაშორისო ტრიბუნა თუ ბერკეტი, გაერო თუ პარტნიორი ქვეყნები? ალბათ, იმიტომ, რომ თავიანთი ტრიბუნა და დროშები ჰქონდათ გამზადებული ცხინვალში გასამართი მიტინგისთვის. რატომ ერეოდნენ სამხედროების საქმეში და ყოველწუთიერად ცვლიდნენ გეგმებს და ბოლო მომენტში კი ბედის ანაბარა მიატოვეს მართლაც გმირი ბიჭები. რატომ იყო, რომ შსს-ს მინისტრის მოადგილემ, ქ-ნ-მა ეკა ზღულაძემ სიხარულით გვამცნო – ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანში აუხვიაო. იმიტომ, რომ ორჭოსანი და დანარჩენი საქართველო არაფერში არ ენაღვლებოდათ. მთავარი იყო, მათ კაბინეტებსა და თანამდებობებს არ გასჩენოდათ საფრთხე. ვინ არის იმ მილიონობით ღირებულების სამხედრო ტექნიკაზე და ქონებაზე პასუხისმგებელი, რომელიც ლანგარზე ალაფის სახით დაუტოვეს რუსეთის ჯარს. საქართველოს ტერიტორიის 20%-ს “ქვა-ღორღი” უწოდეს მოგვიანებით. დღეს კი ანტისაოკუპაციო დროშის ფრიალს ბედავენ. ძნელია, ძალიან ძნელი, დაიჯერო იმ ხალხის, ვინც ომის საფრთხე ვერ აიცილა. ძნელია, დაიჯერო იმ ხალხის, როცა ბიჭების ცხედრები უპატრონოდ იყო მიტოვებული, რუსთაველზე საკუთარი თავის გადარჩენას რომ ზეიმობდა. ძნელია, დაიჯერო იმ ხალხის, რომელმაც გაყვანილი რუსული ბაზების მაგივრად ისევ, ოღონდ, ამჯერად, ისევ რუსეთის ჯარები, სხვა რაკურსით შემოიყვანა. დიახაც, საქართველომ უნდა გააგრძელოს გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. მაგრამ, ამავდროულად, მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს იმის შესახებ, რაც ჩვენ ქვეყანას 11 წლის წინათ გადახდა – ვინ იყო მართლაც გმირი და ვინ მსხვერპლი, ვინ არის დამნაშავე და ლაჩარი და ვინ უგუნური…”, – აღნიშნავს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები