ირაკლი კობახიძე: საარჩევნო პროცესებში ხისტი გამონათქვამებისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების შეზღუდვა შეუძლებელია

“ეუთო-ს რეკომენდაციები ითვალისწინებდა სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური საკითხების მოწესრიგებასა და შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“27 რეკომენდაცია იყო წარმოდგენილი. აქედან ერთ-ერთი ითვალისწინებდა სიძულვილის ენის, ქსენოფობიის საკითხების მოწესრიგებასა და შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას. ეს იყო მათი რეკომენდაცია და ყველაფერი კანონმდებლობაში მაქსიმალურად რბილი ფორმითაა ასახული. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი იმ აჟიოტაჟს არ აქვს, რომელიც ხელოვნურად არის ჩამოყალიბებული. საარჩევნო კანონმდებლობაში მარტივად იწერება, რომ თუ რაიმე სააგიტაციო მასალა შეიცავს სიძულვილის ენას ან შეიცავს ქსენოფობიას, ამ შემთხვევაში, ვერ გავრცელდება. თუ გვინდა, სიძულვილის ენა და ქსენოფობია სრულად დავუშვათ, რაც ისედაც არ გვაკლია საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესში, შეგვიძლია, ესეც არ ჩავწეროთ, მაგრამ ეუთო-ს რეკომენდაციაა, რომ ჩავწეროთ”.
სიძულვილის ენას ერთი ვიწრო, კონვენციური განმარტება აქვს, რომლის მიხედვითაც დისკრიმინაციულ ნიშნებს უნდა შეიცავდეს რაიმე გამონათქვამი, მაგალითად, თუ ხდება მითითება ადამიანის ეთნიკურ წარმომავლობაზე და ა.შ. ამ შემთხვევაში მიიჩნევა კონკრეტული გამონათქვამი ან განცხადება სიძულვილის ენის შემცველად.
ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ დეტალურად ავსახოთ დეფინიცია კანონმდებლობაში. არანაირი საფუძველი არ აქვს იმ აჟიოტაჟს, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი. ჩვენ ვერანაირად შევზღუდავთ საარჩევნო პროცესებში თუნდაც ხისტ გამონათქვამებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ამის შეზღუდვა პოლიტიკურ პროცესში წარმოუდგენელია. ერთადერთი, რაც შეიძლება, შეიზღუდოს, ეს არის სიძულვილის ენა და ქსენოფობია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მედიის ვალდებულებაა, გადაამოწმოს სარეკლამო რგოლის შინაარსი.
“მედიის ვალდებულება, გარკვეულ ფარგლებში, უნდა იყოს ის, რომ გადაამოწმოს, მაგალითად ,სარეკლამო რგოლის შინაარსი. საუბარია მხოლოდ სააგიტაციო მასალის განთავსებაზე, ძირითადად, საარჩევნო რგოლებზე”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გუშინ დაიწყო და ის დღესაც გრძელდება. დღეს შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის განთავსებისა და დებატების საკითხებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები