მაია ცქიტიშვილი: დამატებით გარანტიებს ბანკები სთხოვენ კონსორციუმს და არა მთავრობას

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანაკლიის პორტის დასაფინანსებლად მოთხოვნილი დამატებითი გარანტიების შესახებ კითხვის საპასუხოდ, განმარტავს, რომ დამატებითი გარანტიების მოთხოვნას ბანკები უყენებენ კონსორციუმს და არა მთავრობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, სასესხო ურთიერთობა არის ბანკებსა და კონსორციუმს და არა ბანკებსა და მთავრობას შორის.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მოსაზიდი აქვს 620 მილიონი დოლარი. აქედან, 100 მილიონს დებს სახელმწიფო, 400 მილიონი არის ის თანხა, რომელზეც კონსორციუმმა მიმართა ბანკებს, ხოლო 120 მილიონი არის თანხა, რომელიც კონსორციუმს აქვს მოსაზიდი საკუთარი ფულის, საკუთარი დაფინანსების სახით და რომელზეც აწარმოებენ მოლაპარაკებას სხვადასხვა ინვესტორთან. 400 მილიონის ნაწილში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს მოთხოვნა გაჩნდა პრაქტიკულად 2018 წლის ბოლოს. მანამდე, ეს მოთხოვნა არ არსებობდა არც ხელშეკრულებაში და არც ბანკებთან ურთიერთობაში. შესაბამისად, ბანკების მხრიდან მოხდა ხელშეკრულების ანალიზი და ბანკებმა კონსორციუმს და არა სახელმწიფოს, სთხოვეს მოთხოვნილი სესხის უზრუნველყოფა. სესხის უზრუნვეყოფა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და სწორედ ამას ითხოვენ ბანკები – კონსორციუმმა მისცეს მათ გარანტიები, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმის ანუ პორტის შემოსავლები არ აღმოჩნდა საკმარისი, ბანკების მიერ თავიანთი რეგულარული ანუ ყოველთვიური გადახდების მისაღებად, ეს იყოს უზრუნველყოფილი და დაზღვეული ვინმეს მიერ“,- აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.

მინისტრის თქმით, ბანკების მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის დაკმაყოფილებაზე მთავრობასთან საუბარი გახდა საჭირო მხოლოდ იმიტომ, რომ ბანკებმა კონსორციუმის სტრუქტურაში ვერ იხილეს ე.წ. სტრატეგიული ინვესტორი, „ინვესტორი, რომელიც იქნებოდა ბანკებისთვის შესაბამისი დონის გარანტორი და მხოლოდ ამის შემდეგ… ვინაიდან მთავრობა არის ანაკლიის პორტის პროექტის ინიციატორი, დადგა უკვე მთავრობასთან მოლაპარაკების აუცილებლობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები