ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში ინვესტორებს რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას შევთავაზებთ
“უახლოეს პერიოდში აუქციონზე გამოვიტანთ და ინვესტორებს შევთავაზებთ რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თურნავას თქმით, ყველა ნაბიჯი გადადგმული უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მეტად გაუმჯობესებისკენ, რაც ცალსახა ნიშანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანაა.
„ბოლო პერიოდში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა მოახდინეს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ყველა ნაბიჯი, პირველ ყოვლისა, გადადგმული უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მეტად გაუმჯობესებისკენ, რაც ცალსახა ნიშანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანაა.
პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება ინვესტორების დარწმუნება ქვეყნის უსაფრთხოებაში”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტის პრივატზიება, როგორიცაა გორის ქარის ელექტროსადგური და, ასევე, მზის ენერგიის სადგურები და ქარის ახალი სადგურები.
„თქვენ იცით, რომ დავიწყეთ ნამახვანის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა მთავრობამ და საუბარია ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციაზე. გარდა ამისა, სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტის პრივატიზება, მათ შორისაა, გორის ქარის ელექტროსადგური, ასევე სრულიად ახალი ენერგეტიკული ობიექტი საერთაშორისო ტენდერებისთვის – ესაა მზის ენერგიის სადგურები და ქარის ახალი სადგურები”, – განაცხადა თურნავამ.