აზიის განვითარების ბანკმა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაზე 415 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა

“აზიის განვითარების ბანკმა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაზე 415 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საკითხს მინისტრთა კაბინეტის წევრები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
​როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, პროექტი ძალიან ბევრ ნაგებობას მოიცავს. მამუკა ბახტაძის თქმით, გაკეთდება 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება. პრემიერმინისტრის შეფასებით, ეს არის უნიკალური პროექტი არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის.
„საქართველოს სივრცით განვითარებაში ეს იყო კომპონენტი, რომელიც გახლავთ ყველაზე კაპიტალინტენსიური, ძვირიანი მონაკვეთი და ძალიან რთული საინჟინრო თვალსაზრისით. ჩვენ, ამ კონტრაქტის ხელმოწერის შედეგად, უკვე დავასრულეთ ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების დაკონტრაქტება – იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა, რომელიც გულისხმობს როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ისე – ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს. ეს პროექტი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი, სწორედ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის შედეგად, ჩვენ შევძლებთ, რომ სიღარიბე შევამციროთ და დავძლიოთ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები