რუსეთმა ბალტიის ზღვაში მასშტაბური სწავლება დაიწყო

რუსეთმა ბალტიის ზღვის აკვატორიაში დღეს საზღვაო სამხედრო სწავლება – „ოკეანეს ფარი-2019“ დაიწყო, რომელიც 9 აგვისტომდე გაგრძელდება.
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ სწავლების ფარგლებში „იგეგმება სამხედრო საზღვაო ძალების ფლოტის შემოწმება, რუსეთის ინტერესების დაცვის მზაობაზე, ასევე, ფლოტის მართვის ახალი წესის შემუშავება“.
სწავლებაში სულ 49 გემი და საბრძოლო კატერი, ასევე, 20 უზრუნველყოფის ხომალდი, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და საჰაერო-კოსმოსური ძალების 58 საფრენი აპარატი, ასევე, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობიდან 10 634 სამხედროა ჩართული.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს რუსეთმა შავ ზღვაში შავი ზღვის ფლოტი სწავლების გამართვის მოტივით გამოიყვანა. სწავლებაში ფლოტის 10 გემი იყო ჩართული.
ამის პარალელურად კი შავ ზღვაში ნატო-ს სწავლება – Sea Breeze 2019 მიმდინარეობდა, რომელშიც აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის, პოლონეთის, ნორვეგიის, ბულგარეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, დანიის, ლატვიის, ესტონეთის, შვედეთის, უკრაინის, მოლდოვის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს გემები და საავიაციო ტექნიკა იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები