ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

მომატებული საგარეო რისკების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს 4.5%-მდე ამცირებს . როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, პროგნოზის გადახედვა განაპირობა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემოღებამ, რაც წლის განმავლობაში ტურისტული შემოსავლების კლებაში აისახება და, საბოლოოდ, ერთობლივი მოთხოვნის შესუსტებას გამოიწვევს. მიუხედავად გაზრდილი გაურკვევლობისა, წმინდა ექსპორტი, მიმდინარე პროგნოზით, მაინც დარჩება ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად კონკურენტუნარიანი გაცვლითი კურსის შენარჩუნების ფონზე. თუმცა, პროგნოზის დაშვებები, ასევე, ითვალისწინებს ფისკალური ხარჯვის, კერძოდ კი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და დაკრედიტების აქამდე არსებული ზომიერი ტემპებით ზრდის გაგრძელებას.
სებ-ის შეფასებით, მსგავსი ზრდა 2020 წლისთვისაც არის მოსალოდნელი, რის ფონზეც რეალური მშპ-ს პოტენციური დონიდან ჩამორჩენა მხოლოდ ეტაპობრივად, 2021 წლის დასაწყისისთვის აღმოიფხვრება. ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ შესაძლებელი სცენარის განვითარების შემთხვევაში, რეალური მშპ-ის არსებული პროგნოზი შესაძლოა, ფაქტობრივისგან განსხვავებული აღმოჩნდეს. ამ კუთხით საყურადღებოა ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებული რისკები. კერძოდ, რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის დამატებით გამწვავების შემთხვევაში დამატებით შემცირდება ფულადი ნაკადების შემოდინება, სუვერენული რისკპრემიები კი გაიზრდება. ეს კი, თავის მხრივ, მოხმარებაზე, ბიზნესგანწყობებსა და ინვესტიციებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს და ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე ნაკლებად ზრდას გამოიწვევს. ამასთან, თუკი ფისკალური სტიმული ან საკრედიტო პორტფელის ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები იქნება, მაშინ ეკონომიკური აქტივობა პროგნოზირებულზე ნაკლებად გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობა, შიდა და გარე ფაქტორების გაუმჯობესების შედეგად, მოსალოდნელზე მეტად ამაღლდება, სებ-ში არ გამორიცხავენ, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდა პროგნოზირებულზე მეტი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები