მაია ცქიტიშვილი: პოლიტიკური სპეკულაციებისა და არაკონსტრუქციული პროცესის ნაცვლად საჭიროა, კონსორციუმმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები
საქართველოს ვიცეპრემიერი, მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ სასურველია, ანაკლიის პროექტი არსებულმა ინვესტორმა განახორციელოს. მისივე თქმით, ის ამ პროექტში გლობალური და ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე ამერიკულ და ქართულ ინვესტიციას მიესალმება.
„ჩვენი დიდი სურვილია, სწორედ არსებულმა ინვესტორმა განახორციელოს ანაკლიის პროექტი, რადგან ეს არის ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. სტრატეგიულად, გლობალური და ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ და ქართულ ინვესტიციას. რაც შეეხება შეკითხვას – აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი, არაერთხელ გაეცა პასუხი, მათ შორის – მაღალი ტრიბუნიდან და გავიმეორებ, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”, წარმატებით გაართვას თავი აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ ვართ დაინტერესებულნი, რომ ის დრო და ძალისხმევა, რაც მთავრობამ, დონორებმა და კონსორციუმმა ამ საქმეში ჩავდეთ, არ დაიკარგოს და არსებულმა ინვესტორმა წლის ბოლომდე შეძლოს დაფინანსების მოპოვება, ამისთვის კი, პოლიტიკური სპეკულაციებისა და არაკონსტრუქციული პროცესის ნაცვლად, საჭიროა, კონსორციუმმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.