მოლდოვის პრემიერი ევროკავშირსა და დსთ-ს თავისუფალ სავაჭრო ზონებს შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს – მაია სანდუ მოსკოვს ეწვევა

მოლდოვის ახლადარჩეული პრემიერმინისტრი, მაია სანდუ შემოდგომაზე ვიზიტით მოსკოვს ეწვევა.
ამის შესახებ სანდუმ „ტასს“ განუცხადა.
„სექტემბრის დასაწყისში მოსკოვს საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოლაი პოპესკუ ეწვევა. ჩემი ვიზიტი ამის შემდეგ შედგება“, -განაცხადა სანდუმ.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში მოხდება ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა: ვაჭრობაზე, რუსეთში მოლდოვის მოქალაქეების ყოფნაზე, დნესტრისპირეთის საკითხის დარეგულირებაზე, რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნაზე, ფულის გათეთრებასთან ბრძოლაზე და სხვა.
გარდა ამისა, მაია სანდუმ აღნიშნა, რომ საჭიროა გაზის მიწოდებისა და საფასურის საკითხის განხილვა.
მისი თქმით, სექტემბერში სამწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთ-მოლდოვის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის მთავარი საკითხი ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირება იქნება.
„ვერ ვხედავთ წინააღმდეგობას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობასა და დსთ-ს ფარგლებში თავისუფალ სავაჭრო ზონას შორის. გვსურს, ეს ორივე რეჟიმი ჩვენი ქვეყნისთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – განმარტა მოლდოვის პრემიერმა და დასძინა, რომ საუბარი „ვაჭრობის არსებული რეჟიმების გადახედვაზე არ მიდის, არამედ – ტექნიკურ ანალიზზე“.
მაია სანდუმ 24 ივლისს განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა დაალაგოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები