ევროკავშირი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს 

ევროკავშირი საქართველოს ეროვნულ ბანკს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროს გაძლიერებაში დაეხმარება. ახალი პროექტის ბიუჯეტი 1.75 მილიონ ევროს შეადგენს და მას პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება 2 წლის მანძილზე განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ევროკავშირის ახალი პროექტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს უფრო მეტად დაუახლოვდება და მის საუკეთესო პრაქტიკას გაიზიარებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას, რაც ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებითა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით მიიღწევა. აღნიშნული პროექტის ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა.

“საქართველოს ეროვნული ბანკი პროაქტიული რეგულატორია, რომელიც მუდმივად ისწრაფვის ახალი შესაძლებლობების მოძიებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისკენ. შესაბამისად, დაძმობილების პროექტი უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკისთვის, რამდენადაც მისი მიზანი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის მანდატთან – ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად” – აღნიშნა ღონისძიებაზე კობა გვენეტაძემ.

“ევროკავშირი აძლიერებს ფინანსური სექტორის მხარდაჭერას საქართველოში. ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების ჩარჩოების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით, ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშემწყობია, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსნეტ რეიმ.

პროექტის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბართლომეი გონტაჟი; პოლონეთის ფინანსური ზედამხვედველობის უწყების საბჭოს თავმჯდომარე, იასეკ იასთჟემბსკი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, არჩილ ყარაულაშვილი. პროექტის ლიდერი წევრი სახელმწიფოს მხრიდან, პოლონეთის ფინანსური ზედამხვედველობის უწყების ანალიზისა და სტრატეგიის დეპარტამენტის დირექტორი მიხალ კრუშკა და პროექტის ლიდერი ბენეფიციარი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და მედიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები