ვის რამდენი მართებს – საქართველოსა და თავისი პარტნიორების ფისკალური მდგომარეობა მიმდინარე და გასულ წლებში

როდესაც ქვეყანას რაიმესთვის საკუთარი ფული არ ჰყოფნის, სესხს იღებს. ასეთ სესხს სახელმწიფო ვალი ჰქვია. მსოფლიო პრაქტიკამ არაერთი მაგალითი იცის, როცა ქვეყანა აღებული ვალის მომსახურებას ვეღარ ახერხებს და დეფოლტს აცხადებს. სწორედ დეფოლტი გახდა მიზეზი იმისა, რომ 2001 წელს არგენტინის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ანაბრები გაუყინა და ქვეყანა მასობრივმა არეულობებმა მოიცვა. რამდენად სარისკოა ვალის მოცულობა,რომელიც ქვეყანას აქვს აღებული – ამის შესაფასებლად სპეციალისტები სხვადასხვა ინდიკატორს ითვალისწინებენ, თუმცა მთავარი მაინც ვალის მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელია.საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ეკონიმიკის მდგრადობის შესანარჩუნებლად განვითარებული ქვეყნებისთვის ვალი მშპ-ის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის – 50%-40%.
2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 5 მილიარდ 448 მილიონ დოლარს შეადგენს. მრავალმხრივი კრედიტორების საქართველოს სახელმწიფოს 3 მილიარდ 824 მილიონი აშშ დოლარი მართებს. ორმხრივი კრედიტორების წინაშე ვალი 954 მილიონ დოლარს შეადგენს. 500 მილიონია ევროობლიგაციების ვალი.
საქართველოს ორმხრივ კრედიტორებში ჩამონათვალში სულ17 ქვეყანაა და მათ შორის საქართველოს უშუალო მეზობლებიც არიან: სომხეთი ( ვალი – $ 8 მლნ 305 ათასი), აზერბაიჯანი ( $ 7 მლნ 435 ათასი), თურქეთი ( $ 14 მლნ 275 ათასი), რუსეთი ( $ 58 მლნ 773 ათასი).
წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ბოლოსათვის საქართველოს სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან მიმართებით 42.1%-ს შეადგენს. აზერბაიჯანში ეს თანაფარდობა 41.1 %-ია, სომხეთში 58.3%. საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს ამ თვალსაზრისით რუსეთს – 19. 43 %. თურქეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 29 % -ს შეადგენს.სომხეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის 31 დეკემბრისათვის სომხეთის სახელმწიფო ვალი 6 მლრდ. 922 მლნ. დოლარს აჭარბებს. 2018 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ვალმა 9 მლრდ 338 მლნ. დოლარს მიაღწია.
არსებული გეგმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ვალის და მშპ -ს თანაფარდობა 2021 წლისთვის 40.6 % -მდე უნდა შემცირდეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ვალებით ყველაზე „დამძიმებული“ ქვეყანა იაპონიაა. იაპონიის სახელმწიფო ვალისა და მშპ -ს თანაფარდობა 250%-ს აღწევს. ეს თანაფარდობა 100%-იან ნიშნულს აჭარბებს იტალიის ( 131.7%), პორტუგალიის ( 127%), აშშ -სა (107.48%) და ბელგიის შემთხვევაში (106.5%).
საინტერესოა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ვალი ყველაზე მძლავრი ეკონომიკის ქვეყანას – აშშ-ს აქვს. 2019 წლის მონაცემებით, აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 22 ტრილიონ დოლარს მიაღწია – ეს მაშინ, როცა ჯერ კოდევ 2017 წელს აშშ-ს საგარეო და არა სახელმწიფო ვალი მხოლოდ 17 ტრილიონ დოლარი იყო.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, 2017 წლისათვის ყველაზე დიდი დავალიანება, 29 ტრილიონი დოლარი ევროკავშირს ჰქონდა. 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი საგარეო ვალი, 8 ტრილიონ დოლარზე მეტი დიდ ბრიტანეთს დაუფიქსირდა. 5 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა საფრანგეთის და გერმანიის საგარეო ვალიც. 2017 წლის 31 წლის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 17.2 მლრდ. დოლარი იყო.
გასაკვირია, მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ვალი საერთოდ არ აქვთ. მაგალითად ბრუნეის, მაკაოსა და პალაუს რესპუბლიკიის დავალიანებათა გრაფაში 0 -ია მითითებული. ვალებისგან თავისუფალია ლიხტენშტეინი და ანდორაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები