გია ვოლსკი: ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსად არ მიმაჩნია, რაიმეს განეიტრალება შეეძლოს

„ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსად არ მიმაჩნია, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, არ შეიძლება, ადამიანი ქვეყანაში სათავეში ედგეს დესტაბილიზაციას ან ამის ერთ-ერთი მოთავე იყოს და მის მიმართ დამოკიდებულება ისეთი იყოს, როგორიც ხელისუფლების არაერთ ოპონენტს აქვს.
“მათი დამოკიდებულებაა – მერე რა, შეტევა იყო; მერე რა, შტურმი იყო; მერე რა, დესტაბილიზაცია იყო; მერე რა, ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტაზე სერიოზული დარტყმა იყო; მერე რა, რა მოხდა, თუ ტურისტი არ ჩამოვა, რუსი იქნება თუ იაპონელი; ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც გამოხატავს ოპონენტი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შევაფასებდი, რადგან პოლიტიკოსები ამ თემაში რაც უფრო ნაკლებად ჩავერევით, მით უკეთესია. ზოგს სწამს და ზოგს არა იმის, რაც მოისმინა. თუ ადამიანი დანაშაულს ჩადის, პასუხი უნდა აგოს. ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსად არ მიმაჩნია, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს. თუ ოქრუაშვილს „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით არგუმენტები აქვს და ხელმოწერების ნამდვილობას ამტკიცებს, ეს სხვა თემაა, რასაც თავისი განხილვა ექნება. თუ ვერ ამტკიცებს, ეს თაღლითობის სხვანაირი ფორმაა. არცერთ შემთხვევაში მგონია, ირაკლი ოქრუაშვილისთვის რაიმე პოზიტიური პერსპექტივა იკვეთებოდეს. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს სამართლებრივად ან პოლიტიკურად რაიმე მყარი პოზიცია აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები