30-ათასიანი ჯარიმები და შეჩერებული სამუშაო პროცესი – 24 კომპანია სამშენებლო რეგულაციებს არ იცავს
ჯანდაცვის სამინისტრომ სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგები გამოაქვეყნა. ერთობლივი ინსპექტირება 2019 წლის 23 ივლისს დაიწყო და 4 დღის განმავლობაში 24 ობიექტი შემოწმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა ობიექტზე არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
კერძოდ:
სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო, ინდივიდური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა;
დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);
არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;
ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;
ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;
აღჭურვილობის გაუმართავობა;
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არყოლა;
გამაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;
ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.
მუნიციპალური ინსპექციის მიერ 24-დან 11 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი და ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. ხოლო ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ამწე მოწყობილობების ინსპექტირების სერტიფიკატის უქონლობის გამო, დაჯარიმდა 3 ობიექტი 500 ლარის ოდენობით.
დარღვევების გამოსწორების მიზნით, კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტრომ გონივრული ვადა 7-დან 10 დღემდე დაუწესა.