შატბერაშვილი პროპორციულ სისტემაზე: პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, ქართული დემოკრატია წინ წაიწევს

“პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, ქართული დემოკრატია ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს”, – ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, „მემარცხენე ალიანსი“ პროპორციულ სისტემას, რომელიც ბუნებრივ ბარიერს გულისხმობს, მიესალმება.
„2007 წლიდან, როცა ნოემბრის აქციები აგორდა, ისევ ვაყენებდით პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. თუ მოსწონდათ ეს სისტემა 3 %-იანი ბარიერით, ხელისუფლებაში იყვნენ და დაედგინათ. ახლა იმიტომ სურთ ბარიერი, რომ ოპოზიციაში არიან და არ აწყობთ პარლამენტში რამდენიმე პარტია. ძალიან კარგად მოირგეს ნომერ პირველი და მთავარი ოპოზიციური პარტიის მანტია.
ახლა წავიდა ხელისუფლება ამ დათმობაზე, ბუნებრივ ბარიერზე – „ნაციონალური მოძრაობა“ ამაზეც უკმაყოფილოა. ეს არ არის პარტია, ეს არის ტერორისტული, ასაკრძალი ორგანიზაცია, რომელიც უნდა გასამართლდეს. ეს არის პარტია, რომელიც ყველაფრით უკმაყოფილოა, ორიენტირებულია არა პოლიტიკაზე, არამედ – სახელმწიფო გადატრიალებებზე. ამის მცდელობა 20-21 ივნისს იყო.
ახალი სისულელე მოიგონეს – „ქართული ოცნება“ პარლამენტში სატელიტურ პარტიებს შეიყვანსო. მაშინ ვთქვათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ უნდა სატელიტური პარტიების შეყვანა. ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია განა სატელიტური პარტიები არ არიან? რომელია აქედან პარტია?
მგონია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ბუნებრივი ბარიერით ძალიან კარგი იქნება ქართული დემოკრატიისათვის. პარლამენტში მოხვდება 5-6 პარტია, აქედან 2-3 იქნება მსხვილი პარტია. დანარჩენები იქნებიან ისეთები, როგორიც ჩვენია, უფინანსო პარტიები, რომლებსაც არ გვაქვს იმდენი ფინანსური საშუალება, რომ სატელევიზიო რეკლამა ვიყიდოთ – ბუკლეტები, პლაკატები დავარიგოთ. ჩვენ ეს სისტემა გვაძლევს საშუალებას, 1, 2, ან 3, თუნდაც 5 ადამიანი გავიყვანოთ პარლამენტში. ჩვენს ამომრჩეველს მივცეთ საშუალება, საპარლამენტო ტრიბუნიდან გავაჟღეროთ მათი შეხედულებები.
მრავალპარტიული იქნება პარლამენტი, ქართული დემოკრატია, ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს”, – განაცხადა შატბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები