ვინ რამდენს ყიდის და ყიდულობს – საქართველო და მსოფლიო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 775.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 4 192.9 მლნ. აშშ დოლარს (4.9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.
ამ მაჩვენებლის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ, უარყოფითი სავაჭრო სალდო 5 თვის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზეა.
სპეციალისტების განმარტებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება გამოწვეულია როგორც დსთ-ის, ასევე – ევროკავშირის ქვეყნებში წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად. 2019 წლის იანვარ-მაისში წმინდა ექსპორტი გაზრდილია როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე – დსთ-ის ქვეყნებში.
2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში 426.9 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, რაც 16.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2873 %-ით არის გაზრდილი ქართული პროდუქციის ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში. მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველომ ამ ქვეყნებში 916 მილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა.
2019 წლის დასაწყისიდან საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი – ზოგადად, ამ ქვეყნებთან ბრუნვა, 2019 წლის იანვრიდან აპრილის მდგომარეობით, შეადგენდა 1.3 მლრდ დოლარს, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34.6% -ზე მეტია.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს – გასული წლის მსგავსად საქართველოში წარმოებული პროდუქციის ყველაზე დიდ მომხმარებლად კვლავ რუსეთი რჩება. ქართული პროდუქციის ექსპორტმა ამ ქვეყანაში მიმდინარე წელის 6 თვეში 261 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს – საქართველოს მსგავსად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს სომხეთსაც. გასულ წელს სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 375 მილიონ დოლარს გადააჭარბა, აქედან ექსპორტმა 2 მილიარდ 411 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა 4 მილიარდ 963 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, უარყოფითი სავაჭრო სალდო სომხეთის შემთხვევაში, 2 მილიარდ 552 მილიონ დოლარი შეადგინა.
რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა აზერბაიჯანის შემთხვევაში. გასულ წელს აზერბაიჯანის სავაჭრო ოპერაციებმა პარტნიორებთან 30 მილიარდ 924 მილიონი დოლარი შეადგინა. ქვეყანამ, რომლის მთავარი საექსპორტო პროდუქცია ნავთობპოდუქტები და გაზია, გასულ წელს ექსპორტზე 19 მილიარდ 459 მილიონის პროდუქცია გაიტანა. იმპორტმა გასულ წელს 11 მილიარდ 465 მილიონს მიაღწია, შესაბამისად, აზერბაიჯანის სავაჭრო ბალანსის პროფიცითმა 7მილიარდ 994 მილიონ დოლარს მიაღწია.
ვინ ივაჭრა გასულ წელს ყველაზე უკეთ? მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით (ifo), გასულ წელს საერთაშორისო ბაზებზე ყველაზე უკეთ გერმანიამ, იაპონიამ და რუსეთმა ივაჭრეს. გერმანიის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 2018 წელს 249 მილიარდი დოლარი შეადგინა. იაპონიის ექსპორტმა იმპორტს 173 მილიარდი დოლარით გადააჭარბა – 116 მილიარდი დოლარით მეტი პროდუქცია გაყიდა, ვიდრე იყიდა რუსეთმა.
როგორც ifo -ს კვლევაშია მითითებული, გერმანულ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავის მხრივ, აშშ-მ გასულ წელს შეიძლება ითქვას, რომ ანტირეკორდი დაამყარა. ifo -ს მონაცემებით, 2018 წელს აშშ-ს უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 621 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩინეთთან დაწყებული სატარიფო ომის მიუხედავად, ამერიკის სავაჭრო დეფიციტი ამ ქვეყანასთან კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა ჩინეთში 120 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა მაშინ, როცა ჩინური პროდუქციის იმპორტმა 487 მილიარდს გადააჭარბა. შეერთებულ შტატებს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს ევროკავშირთანაც. აშშ ევროკავშირში 169 მილიარდი დოლარის პროდუქციას ყიდის. 2018 წელს ევროკავშირიდან განხორციელებულმა იმპორტმა 487 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები