„რატომ, მაინცდამაინც, რუსული ბაზარი? იმიტომ, რომ პრობლემა ამ მიმართულებით გვაქვს“ – პაატა ბაირახტარი ფრენების სუბსიდირებაზე

“ეს არის მოკლევადიან პერსპექტივაზე გათვლილი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს დანაკარგების რაც შეიძლება მეტად შემცირებას” , – ამის შესახებ ეკონომისტი, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტი – პაატა ბაირახტარი რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს.
როგორც ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვისთვის სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება არ უნდა იყოს განხილული, როგორც გრძელვადიანი პერსპექტივა.
„სუბსიდირება თავისი არსით კარგი მდგომარეობიდან განპირობებული ქმდება არ არის. როცა რაღაც  მიმართულების სუბსიდირებას ვახდენთ, ე.ი. გარკვეული პრობლემები გვაქვს და ამის დასაძლევად ვიყენებთ ამას. სუბსიდირება არ უნდა იქნას განხილული, როგორც გრძელვადიანი პერსპექტივა.
რა რეალობა გვაქვს დღეს – ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა, სერიოზული პრობლემებია, ველოდებით დიდ დანაკლისებს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ,  არის შემდეგი – რაც შეიძლება მეტად მოხდეს იმ დანაკარგების შემცირება, რომლებსაც ველოდებით. ასეთ რეალობაში ამ მიმართულებით სუბსიდირება გონივრული იყო. მოვისმინე რამდენიმე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რატომ, მაინცდამაინც, რუსული ბაზარი? იმიტომ რუსული ბაზარი, რომ პრობლემა გვაქვს ამ მიმართულებით. გრძელვადიან პერსპექტიბაში რუსულ ბაზარზე აქცენტის გაკეთება, რასაკვირველია, მცდარია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ  მოკლევადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება სწორი იყო  იმდენად, რამდენადაც  დანაკარგები საითაც გვაქვს, სწორედ იმ მიმართულებას სჭირდება დახმარება“, – განაცხადა ბაირახტარმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო. მთავრობის დადგენილებისთანახმად, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და, პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.
დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს. ასეთ მიმართულებად  კი რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და, ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები მიიჩნევა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები