“კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ დიალოგს საქართველოსთან“

ნატოს შტაბ-ბინაში, დღეს, თავდაცვის მინისტრების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც “კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს , ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან 28+1-ის ფორმატის შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გახსნა.
“უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი დონის დიალოგს საქართველოსთან. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო შექმნილი კრიზისი გავლენას ახდენს როგორც საქართველოზე, ასევე მის რეგიონსა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ნატო არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურ ანექსიას. ასევე, არ ვცნობთ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას. ნატო იზიარებს ყველა ერის უფლებას, გააკეთოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სუვერენული არჩევანი.
დღეს კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ დიალოგს საქართველოსთან. საქართველომ ძალიან კარგ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიმართულებით. მოუთმენლად ველით რეფორმირების პროცესის გაგრძელებას და ჩვენც გავაგრძელებთ დახმარებას ამ კუთხით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატოს წევრი მას შემდეგ, რაც ის გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი, თვის ბოლოს განიხილავენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახება მომავალ სამიტზე”, – განაცხადა რასმუსენმა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მან უცხოელ კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბოლო წლების განმავლობაში, სადაც პრაქტიკულად, ალიანსი მთლიანად შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი, არა მხოლოდ დეკლარაციულად იქნება ასახული მომავალი სამიტის შეხვედრისას ბრიტანეთში, არამედ უკვე დაიწყება კონკრეტული, ქმედითი და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
ეს შეთანხმება, კონსენსუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ უკვე მომავალი სამიტის შემდეგ დავინახოთ რეგიონში ნატოს წარმომადგენლობის უფრო გაზრდა. ასევე, რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, თავად საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ სხდომის დასრულების შემდეგ.
დღესვე, თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრო. სხდომაზე ავღანეთის პრეზიდენტის არჩევნები, ქვეყანაში არსებული უსაფრთხეობის მდგომარეობა და ავღანეთში ალიანსის სამომავლო გეგმები განიხილეს.
“მეორე შეხვედრა, ბუნებრივია, ეხებოდა ISAF-ს და ავღანეთში მიღწეულ უდიდეს წარმატებას, სადაც დიდი მადლობა გადაუხადეს საქართველოს ასეთი დიდი მონაწილეობისთვის”, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები