კახა კალაძე: სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ დედა ვაგინოთ ერთმანეთს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების განცხადების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა, სადაც თქვა, რომ დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ დედა ვაგინოთ ერთმანეთს და თავზე დავახუროთ ყველაფერი.

“მე კითხვას შემოგიბრუნებთ: რატომ დაიწყო შტურმი პოლიციაზე, სახელმწიფოში უპირველეს ინსტიტუტზე? მეორე კითხვას დაგიბრუნებთ: ჩაგიხედავთ კანონში, იცით, როგორ არის ეს, როგორ ხდება ზოგადად? არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. შეიძლება, ყველამ არ ვიცოდეთ ყველა კანონი. არც მე ვიცი ყველა მათგანი, მაგრამ გეტყვით, როგორ ხდება: როდესაც დაგეგმილია აქცია, 5 დღით ადრე ხდება შეტყობინება დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის. შესაბამისად, მერია გამოყოფს წარმომადგენელს და აქვს კომუნიკაცია თვითონ მომიტინგეებთან, ვინც აქციას აწყობს და როდესაც ხდება დაშლა, წინასწარ ხდება გაფრთხილება.

რაც შეეხება იმას, რაც მოხდა და უმძიმესი იყო: აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი და ამ ქვეყანაში ყველას, ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს, აქვს უფლება და შესაძლებობა იმისა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრებები მშვიდობიანი ფორმით, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ის, რაც ხდებოდა და დაიწყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან – მოწოდებები პარლამენტში შევარდნაზე, შტურმზე და ა.შ. იყო ძალიან მძიმე. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ასევე ის, თუ მერე როგორ განვითარდა მოვლენები, ასევე, დაშავებული ადამიანები, რაც ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ახლა მათი ჯანმრთელობაა, რომ მოვუაროთ ამ ადამიანებს.

როდესაც ხდებოდა პოლიციელების პირდაპირი მნიშვნელობით ცემა-ტყეპა, პოლიცია იდგა და ერთი ნაბიჯი არ ყოფილა გადადგმული. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები. როგორც ხელისუფლებას აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გარკვეული, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ასევე აქვს პასუხისმგებლობა ოპოზიციას. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ დედა ვაგინოთ ერთმანეთს და თავზე დავახუროთ ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების თქმით, შს მინისტრმა ტყუილი თქვა აქციის მონაწილეების წინასწარ გაფრთხილებაზე აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ამასთან, ისინი ამბობენ, რომ გაფრთხილება თბილისის მერიის ვალდებულება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები