არჩილ თალაკვაძე: საქართველოს, უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება

“უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ გამოსვლისას ისაუბრა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.
„პატივცემულო პარტნიორებო, რადგან გახლავართ პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, საკუთარი ხალხის ხმა მოგაწვდინოთ – დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და მიღწევების ამ დონეს მტკიცე ეკონომიკური მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით. ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ეკონომიკა, რითაიც უზრუნველვყავით თანამედროვე განათლების სისტემა, დასაქმება და ინფრასტრუქტურა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ჩვენი ხალხის ნდობის გაძლიერება –  იმ ხალხისა, რომელიც იბრძვის თავისუფლებისათვის, პროგრესისა და დემოკრატიისთვის, რაც მათი კეთილდღეობისა და ცხოვრების ადეკვატური დონის უზრუნველყოფას ნიშნავს. ახალ ათასწლეულში შევდივართ და ჩვენი ქვეყნები ფართომასშტაბიან სტრუქტურულ ტრანსფორმაციას განიცდიან. ამის ფონზე, ევროკავშირის მიდგომა ანალოგიურად სტრატეგიული, გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს, რადგან ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირისთვის, დარჩეს ენერგიისა და ინსპირაციის წყაროდ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით, 2020 წლის და შემდგომი მიზნები უნდა იყოს შესრულებადი და უნდა ჰქონდეს წახალისების ნათელი და ამბიციური სისტემა.
„აღნიშნული პრაქტიკული მიზნები უნდა მოიცავდეს შემდეგს: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას; შავი ზღვისა და უფრო ფართო რეგიონის პოტენციალის სრულად გამოყენებას, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სფეროებში; უნდა მოხდეს ეკონომიკის გამტკიცება და სპეციალური ხელშეწყობის ინსტრუმენტების შექმნა; ასევე, უნდა მოხდეს ევროპული შრომითი ბაზრის სრულად გაღება საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები