„რუსთავი 2-ის“ 9-პროცენტიანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 9-პროცენტიანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე “რუსთავი2-ის” გენერალური მდივნისთვის, ნიკა გვარამიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.
როგორც “კვირას” ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 9-პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა, შესაბამის მოთხოვნას ისინი დღეს, 17:00 საათზე პარტნიორთა კრებაზე დააყენებენ.
ადვოკატი განმარტავს, თუ რას ეფუძნება მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნა.
​”დღეს მოხდება დღის წესრიგით გათვალისწინებული იმ საკითხების განხილვა, რომლებიც წინა კრებაზე ვერ მოესწრო. ერთ-ერთი ასეთი საკითხია აუდიტორულისთვის დასასმელი კითხვების ორგანიზება. ერთ-ერთ საკითხად, ასევე, წარმოდგენილია კომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაწეული საქმიანობის მოწონება, თუმცა ჩვენ, როგორც პარტნიორებს, სხვა წინადადება გვაქვს – დიდი ალბათობით, კრებაზე დავაყენებთ თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გადადგომის საკითხს. როგორც ცნობილია, ჩვენ ვითხოვთ კომპანია “რუსთავი 2 -სთვის” მიყენებული ზარალის ანაზღაურებას კომპანიის სასარგებლოს. ეს არის ძირითადად სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხების არამიზნობრივად, დიდი ოდენობით გადაცემა შუამავალი კომპანიებისთვის, რითაც თავად ტელეკომპანია დაზარალდა. სწორედ ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, კრებაზე დავაყენებთ თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხს”, – აღნიშნა გიორგი ყავლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2 -ში” პარტნიორთა კრება მიმდინარე წლის მაისშიც გაიმართა. კრება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები