კრემლში რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვების გაუქმებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთ საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვები გაუქმდეს, თუმცა, მისი თქმით, ამაზე ახლა საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“რა თქმა უნდა, არ შეიძლება, გამოვრიცხოთ ფრენების აღდგენა. ჩვენ ამას ვიმედოვნებთ კიდეც, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. მაგრამ ახლა, ძლიერი პოლარიზაციისა და ექსტრემისტული აქტების გამო, ქართული საზოგადოებისა და რუსოფობური მანიფესტაციების ფონზე, რუსი ტურისტებისთვის საქართველოში ობიექტური საფრთხე არსებობს”, – თქვა პესკოვმა.
მისივე თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთი იძულებული იყო, დაეწესებინა შეზღუდვები. ამასთან, პესკოვმა დაამატა, რომ მოსკოვი გამუდმებით დააკვირდება სიტუაციას და შეზღუდვების გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც, მისი თქმით, საქართველოში ტურისტების უსაფრთხოდ ყოფნის პირველივე ნიშნები გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.