გიგა მაქარაშვილი: პირი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა, როგორც ვიცი, უკვე იდენტიფიცირებულია
პირი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს სიცოცხლის მოსპობით სოციალური ქსელით დაემუქრა, იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ თავად გიგა მაქარაშვილმა პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიგა მაქარაშვილის თქმით, ის მუქარის ავტორს პირადად არ იცნობს.
„თითქმის ოთხი საათი გამოკითხვაზე ვიყავი. პოლიციამ ძალიან სწრაფად დაიწყო რეაგირება. როგორც ვიცი, ეს ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია. ამ ადამიანთან მე არასოდეს მქონია შეხება. პირველად წუხელ ღამით დაიწყო მოწერა და დილით ვნახე ეს შეტყობინება, სადაც დეტალურად აღწერდა, როგორ მომკლავს. ძალიან მძიმე წასაკითხია ეს დეტალები. მას შემდეგ, რაც უკვე მივეჩვიეთ, რომ ცოტა აქტიურ ადამიანებს ბოტები გვიტევენ და გინებებზე რეაქცია აღარ გვაქვს, დაიწყეს უკვე ეს მუქარები. შესაბამისად გადავწყვიტე პოლიციაში მოსვლა.
არამგონია რამე დამიშავოს, რადგან წინასწარ ამის ანონსს არ გააკეთებდა, პირველი ეჭვმიტანილი იქნებოდა. მე ვიცი, ვერაფერს დამიშავებს, მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ძალიან დიდი ზიანი მიადგეთ ამ მუქარით. მსგავსი ადამიანები ბევრ წესიერ მოქალაქეს უქმნიან ფსიქოლოგიურ საფრთხეს“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მის მიმართ მუქარის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა.