თსუ-ში თენგიზ ცერცვაძის 70 წლის იუბილე გაიმართება
3 ივლისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დიდ სააქტო დარბაზში პროფესორ თენგიზ ცერცვაძის დაბადებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორია. ასევე, იგი არის თსუ ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. თენგიზ ცერცვაძე ეწევა უაღრესად ნაყოფიერ საექიმო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა დარგში. თენგიზ ცერცვაძე საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელია.
“ეს სამსახური საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. ამ სამსახურის ძალისხმევით საქართველომ შესძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლითა და სერიოზული ეკონომიკური ზარალით. მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი, ხოლო დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის გადაცემის შემთხვევები, პრაქტიკულად, ნულამდე დავიდა, ანუ განხორციელდა აივ/შიდსის დედიდან ბავშვზე გადაცემის ელიმინაცია. უდიდესია თენგიზ ცერცვაძის დამსახურება ქართული ჰეპატოლოგიური სკოლის განვითარებაში. მისი თაოსნობით საქართველოში დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რაც საფუძვლად დაედო C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს პირველ სამოდელო ქვეყნად არჩევას. თენგიზ ცერცვაძე მსოფლიოში უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია და უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის წარმატებულ განხორციელებაში. პროგრამა ითვალისწინებს 120 ათასზე მეტი C ჰეპატიტით ავადმყოფის გამოვლენას და განკურნებას. სადღეისოდ უკვე განკურნებულია 40 ათასზე მეტი ავადმყოფი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, როდესაც მოხდება ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით. თენგიზ ცერცვაძე წარმატებულ საექიმო პრაქტიკასთან ერთად ეწევა უაღრესად საინტერესო სამეცნიერო საქმიანობას. აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში მისი ინოვაციური სამეცნიერო კვლევების შედეგები სისტემატურად იბეჭდება მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ავტორია საქართველოში. მას ხშირად იწვევენ მომხსენებლად მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმებზე. თენგიზ ცერცვაძის გუნდის და აშშ-ს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ 1997-2000 წლებში ერთობლივად ჩატარებული კვლევა აღიარებულ იქნა აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ერთობლივ პროექტად და თენგიზ ცერცვაძე მოხსენებით წარსდგა ჯერ აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტებში (ქ. ბეთესდა), ხოლო შემდეგ – 2000 წლის 3 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში, რაც დღემდე უპრეცედენტო შემთხვევაა. თენგიზ ცერცვაძე არის რიგი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების წევრი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი. იგი არის 20-ზე მეტი ნაციონალური გაიდლაინის ავტორი და რამოდენიმე საერთაშორისო გაიდლაინის თანაავტორი. იგი არაერთი მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონფერენციის ორგანიზატორია. 2009 წელს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის (ჯანმო-ს ფორმულირებით) მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია, რომლის მსგავსიც არ აქვს მიღებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არცერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებას. თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. არის 12 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. მისი უშუალო ძალისხმევით უცხოეთის წამყვან ცენტრებში გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა 30-მდე ახალგაზრდა სპეციალისტმა”, – აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.