პროკურორი: სამართალდამცველების მიმართ ძალადობა აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა ნიკა მელიას ხელმძღვანელობით დაიწყო

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა  სამართალდამცველების მიმართ ძალადობა ნიკა მელიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით 20 ივნისს, 21:50 საათის შემდეგ დაიწყეს.
„21:50 საათამდე მიტინგი ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. დაახლოებით 21:00 საათზე მიტინგის მონაწილეებს მიმართა პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და განაცხადა, რომ თუ 1 საათში არ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნები, ყველას ერთად უნდა გადაენაცვლათ უშუალოდ პარლამენტის შენობაში. ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით, დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ, პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცველების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პროკურორმა განმარტა, რომ არსებობს როგორც ფორმალური, ისე – ფაქტობრივი საფუძვლები, რომ დეპუტატს პატიმრობა შეეფარდოს.
„აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გამოიყენება იმ დროს, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ხელს შეუშლის მართლმსაჯულებასა და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას. ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებისას ბრალდების მხარე მხედველობაში იღებს არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობას, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს“, – აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები