ყაზახეთის სამხედრო ნაწილში, მასშტაბური ხანძრის გამო, ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა (ვიდეო)
ყაზახეთის რესპუბლიკაში სამხრეთ ყაზახეთის ოლქში განთავსებულ სამხედრო ნაწილში ხანძრის შედეგად სამხედრო მასალების აფეთქებები დაიწყო. ინციდენტის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
რეგიონის ხელმძღვანელის, უმირზაკ შუკეევის განცხადებით, მობილიზებულია ყველა ახლო მდებარე დასახლებული პუნქტი. მისივე თქმით, ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ქალაქ არისის სრული ევაკუაცია იქნება საჭირო.
ხანძარი ქალაქის ახლოს მდებარე სამხედრო ნაწილში გაჩნდა, რის შემდეგაც საბრძოლო მასალებმა დაიწყო აფეთქება.
ხანძრის გაჩენის მიზეზებზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი, ნურლან ერმეკბაევი იმყოფება.