გაერო-ს ანგარიში – ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცის თანამონაწილეობის მტკიცებულებები არსებობს
გაერო-ს გამოძიების თანახმად, არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობაში თანამონაწილეები საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი – მუჰამედ ბინ სალმანი და სხვა თანამდებობის პირები არიან. გაერო მათ მიმართ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ანგარიში არასასამართლო ანგარიშსწორების საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ანეს კალამარმა გამოაქვეყნა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
გაერო-ს სპეცმომხსენებელი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მას ამ სახელმწიფოს ხელთ არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, საუდის არაბეთის სტამბოლის გენერალურ საკონსულოში მკვლელობის მომენტში ჩაწერილი აუდიოფაილები წარუდგინეს.
„ჩემ მიერ თურქეთში ყოფნისას შეკრებილი მტკიცებულებები მოწმობს, რომ ჰაშოგი სასტიკი და წინასწარგანზრახული მკვლელობის მსხვერპლი გახდა, რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირებმა… ეს ფაქტი მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის – გაერო-ს დაუყოვნებლივ ჩარევას“, – ამბობს ანეს კალამარი.
ამასთან, ის გმობს იმ ფაქტსაც, რომ გამოძიება საუდის არაბეთში 11 ეჭვმიტანილის მიმართ სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობს. ის სამართალდამცავ უწყებებს გამჭვირვალობისა და ჰაშოგის ოჯახისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების სპეცსამსახურებიც მიიჩნევენ, რომ მემკვიდრე პრინცმა – მუჰამედ ბინ სალმანმა პირადად გასცა ჰაშოგის ლიკვიდაციის ბრძანება, რადგან ჟურნალისტი პრინცს ხშირად აკრიტიკებდა.
საუდის არაბეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ჯამალ ჰაშოგი 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოს ტერიტორიაზე მოკლეს.