უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში საგამოძიებო სამსახურმა 23 მეწარმე პასუხისგებაში მისცა, აქედან 6 პირზე კი ძებნა გამოცხადდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ  უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი იქნა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 23 მეწარმე, მათგან პატიმრობაში იმყოფება 17 პირი, ხოლო 6 პირს ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად და გამოცხადდა ძებნა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც  ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურებს, ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში. რომელსაც შემდგომში იყენებდნენ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად, ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისა და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვისათვის.
ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ფიქტიურად, ყალბად შექმნილი აქტივის ოდენობა აღემატება 85 000 000 ლარს, რის შედეგადაც, სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში სხვა კომპანიებისა და  პირების გამოვლენა მხილების მიზნით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები