„მაღალი თანამდებობის პირებს აწუხებთ კრიტიკა“ – კუპრაშვილი სიძულვილის ენის დარეგულირების მოთხოვნაზე

მაღალი თანამდებობის პირებს აწუხებთ მათ მიმართ კრიტიკა, რომელიც გამოხატულია ხანდახან უცენზუროდ, ხანდახან ძალიან უსამართლო ფორმით, – ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა სიძულვილის ენის ახალი რეგულაციების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელსაც ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციით კომუნიკაციების კომისია ამზადებს.
როგორც კუპრაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა დღეს ისედაც დარეგულირებულია.
„ზოგადად, ამ თემასთან დაკავშირებით, სიძულვილის ენასა და შურაცხყოფაზე ,ასევე პირადი ცხოვრების შელახვაზე საუბარი გვესმის ამ წლის დასაწყისიდან. პირველად ეს დაიწყო პრეზიდენტის საახალწლო მილოცვით. ძალიან უცნაური იყო ამგვარი ტიპის მილოცვა. ეს თემა მუსირებს მთელი წლის განმავლობაში.
დავაკვირდეთ, რა კონკრეტულ მაგალითებზე მსჯელობენ ამ იდეის გამჟღერებლები, როცა საუბრობენ, რომ ეს არის პრობლემა. ეს მაგალითები ყოველთვის უკავშირდება მაღალი თანამდებობის პირებს. მათ აწუხებთ საკუთარი კრიტიკა, რომელიც გამოხატულია ხანდახან უცენზუროდ, ხანდახან ძალიან უსამართლო ფორმით, მაგრამ მათთან დაკავშირებულია ეს შინაარსი და არა უბრალო ადამიანებთან.
განცხადებები სიძულვილის ენის რეგულაციებზე, არ არის საზოგადოების დაცვა, ეს არის შეწუხება იმ გამონათქვამებთან და იმ ფორმებთან, რომელიც უკავშირდება მაღალი თანამდეობის პირების კრიტიკას. ესეც გვიჩვენებს ვისი ბერკეტი, შესაძლოა, იყოს სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის, პირადი ცხოვრების უფრო მეტი რეგულირება, ეს ჩვენთან დღესაც რეგულირებულია. როცა ვამბობთ, რომ ეს რეგულირება არ არსებობს, ეს ტყუილია. ეს რეგულირება არსებობს, ადამიანებს აღუდგენიათ თავიანთი უფლებები სასამართლო გზით, სამოქალაქო დავებით. ეს რთული დავაა, ამას სჭირდება ძალისხმევა, იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი გვაქვს. მაგრამ, ეს დავები შესაძლებელია, ბოლო 10 დავა რომ ავიღოთ, აქედან ნახევარზე მეტი სრულდება მედიის საწინააღმდეგოდ , ანუ მედია გამოდის დამნაშავე სასამართლოს განხილვების შედეგად.
შეგახსენებთ, რომ შუღლის გაღვივება საერთოდ დასჯადია ამ ქვეყანაში . უფრო მეტი სიმკაცრე , არის, რა თქმა უნდა, სურვილი, რომ გაგიძლიერდეს მედიაზე ზეწოლის ბერკეტი“- განაცხადა კუპრაშვილმა.
ცნობისთვის, ცნობისთვის, გუშინ კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები