ირაკლი ჩიქოვანი: ამერიკა დაინტერესებულია, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ჰაბი

“ამერიკა დაინტერესებულია, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ჰაბი”, – ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია შემოვა საქართველოში, ისინი მიესალმებიან იმ გარემოს, ეკონომიკურ ვითარებასა და საგადასახადო თვალსაზრისით არსებულ პირობებს, რომელიც საქართველოშია.
„ამერიკისა და საქართველოს მთავრობა იზიარებენ იმ პოზიციას, რომ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ეს პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – მთლიანად რეგიონისთვის. სწორედ ამიტომ მოხდა ამის განსაზღვრა, რადგან ჩვენ გვაქვს თანხვედრა – შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას – რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და სარგებელი მოიტანოს საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის. პრემიერმინისტრი ვაშინგტონში ვიზიტამდე იმყოფებოდა რამდენიმე ქალაქში – სან ფრანცისკოში, სიეტლში, მიემგზავრება დალასში და ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლობა და ინვესტორთა მნიშვნელოვანი ნაწილია კონცენტრირებული. ისინი მიესალმებიან იმ გარემოს, ეკონომიკურ ვითარებასა და საგადასახადო თვალსაზრისით არსებულ პირობებს, რომელიც საქართველოშია. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია შემოვა საქართველოში და ამერიკელი ბიზნესმენები და ამერიკელი მეწარმეები შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას. ყველას კარგად ესმის, რომ რეგიონში საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც არასდროს  გაუცრუებია იმედები და, შესაბამისად, ბიზნესიც იქნება კეთილგანწყობილი ამ პარტნიორობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები