რატომ ჩავარდა თბილისში ასფალტი – საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, რის შედეგადაც ასფალტი ჩავარდა და მანქანები დაზიანდა, მაშველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112″-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, სასმელი წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა და გადმოღვრილმა წყალმა მიმდებარე ტერიტორია დატბორა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და ყველა სხვა კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები.მომხდარის შედეგად, დაზიანდა საავტომობილო გზის ნაწილი – ძლიერმა წყლის ნაკადმა გამოიწვია ასფალტის დონის დაწევა, რამაც ორმო წარმოქმნა და პარკინგზე მდგარი ორი მსუბუქი ავტომანქანა ჩაიყოლა. ამასთანავე, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიც.
მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვის სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოეს. ორმოდან ამოიყვანეს მსუბუქი ავტომანქანებიც. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და შესაბამისი სამსახურები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები