ქუჩები, რომლებზედაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, მოძრაობა შეიზღუდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების გამო, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია თავისუფლების მოედანზე და მასზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე (შ. დადიანის, კოტე აფხაზისა და გ. ლეონიძის ქუჩებზე), ასევე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამავალ ყველა ქუჩაზე.

ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეუძლიათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, მოძრაობენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, მოძრაობენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით აგრძელებენ.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას“, – აცხადებენ უწყებაში.

27 მაისიდან, დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები