„ჯორჯიან მანგანეზი“ : ჭიათურაში შექმნილ ვითარებაში, შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ

0

“ჭიათურაში შექმნილი ვითარების განმუხტვაში შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ”, – ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირი სახალხო დამცველს უკვე შეხვდა. მისივე განმარტებით, ჭიათურაში შექმნილი სიტუაციის დასტაბილურების მიზნით, შეხვედრები სხვადასხვა ასოციაციის წარმომადგენლებთანაც იგეგმება.

„ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა სახალხო დამცველს კომპანიასთან დაკავშირებით დასმულ ყველა შეკითხვაზე ინფორმაცია მიაწოდა.

„აუცილებელია, რომ ომბუდსმენს სიტუაციის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობა მიეცეს. ჩვენ მივმართავთ ყველა ხერხს და იმედს ვიტოვებთ, რომ გამოიძებნება გზები, რითაც გაფიცულებთან დიალოგი და დისკუსია დაიწყება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უფლებადამცველების როლი აქ უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს მერაბ ლომინაძე.

ამასთან, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი ჭიათურაში გაფიცულ ყველა თანამშრომელს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ, მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენ თანამშრომელს, ყველა ჩვენ კოლეგას, რომელიც დღეს არის გაფიცული, რომ შეწყვიტონ ზიანის მიყენება ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი კომპანიისთვის, მუნიციპალიტეტისთვის და პირველ რიგში, ქვეყნისთვის. დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, გავმართოთ მოლაპარაკებები და ერთობლივი ძალისხმევით, აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჭიათურაში დაგროვდა“, – აღნიშნა მერაბ ლომინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროელები, ხელფასის მომატების მოთხოვნით, მეთერთმეტე დღეა აქციებს მართავენ. ბოლო რამდენიმე დღეა, მათ შიმშილობა დაიწყეს. გუშინ აქციის მონაწილეებთან საქართველოს სახალხო დამცველი – ნინო ლომჯარია ჩავიდა და მაღაროელებს დახმარებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი