დავით სერგეენკო გაფიცულ მაღაროელებზე: ყველა საკითხზე, რომელზეც სამინისტროს უფლებამოსილება ვრცელდება, იქნება მოგვარებული

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ყველა საკითხი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება ვრცელდება, იქნება მოგვარებული.

„ასეთ შემთხვევებში, ვალდებული ვართ, შრომითი დავების მედიატორი მივავლინოთ, თუმცა გაფიცულებმა, სამწუხაროდ, უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე. წინა შაბათს, ზუსტად ერთი კვირის წინ, ვიყავი მათთან ჩასული. აქ რამდენიმე საკითხია: მათი ჯანდაცვითი სერვისებით უზრუნველყოფა, კვებით უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც ისინი ცვლაში იმყოფებიან და შრომის უსაფრთხოების პირობებით უზრუნველყოფა. ის, რაშიც ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია და ვალდებულიც არის აქტიურად ჩაერიოს. წინა კვირაშივე ჩავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ყველა ეს საკითხი იქნება მოგვარებული.

რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს თავად კომპანიის მენეჯმენტთან უნდა იყოს განხილული, სამუშაო პირობებში. როდესაც ჩვენ შევთავაზეთ, გამოეყოთ წარმომადგენლები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებოდნენ, მათ უარი განაცხადეს. დიდი იმედი მაქვს, ხელფასების მომატების საკითხი გადაწყდება მოლაპარაკებების გზით. რაც შეეხება დანარჩენს, რაც ჩამოვთვალე, ამაზე ვართ პასუხისმგებელი და მათ ეს პრობლემები მოუგვარდებათ“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები