კახა კალაძე: არსებობენ რეალური ტაქსის მძღოლები და ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც კონკრეტული პარტიების წევრები არიან

„არსებობენ რეალური ტაქსის მძღოლები, რომელთაც შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი და ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ მათთან და ამავდროულად, არსებობენ მეორე – ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც არიან კონკრეტული პარტიების წევრები”,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაქსის მძღოლების დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურ ტაქსის მძღოლებთან მერია ბევრ დათმობაზე წავიდა.

„საინიციატივო ჯგუფთან ერთად, მათი მოთხოვნით, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ. თუმცა, არსებობენ ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც კონკრეტული პარტიების წევრები არიან. ეს არის „ლეიბორისტული პარტია”, „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო”. მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის, იმიტომ, რომ ის ატარებს პოლიტიკურ შინაარსს. რაც შეეხება რეალურად ტაქსის მძღოლებს, მათთან მიმართებაში მთელი რიგი დათმობები განვახორციელეთ. მათ შორის ის, რომ მარჯვენასაჭიანებს 2021 წლამდე მივეცით შესაძლებლობა, „ბე” (B) კატეგორიაში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, გადაღებვასთან დაკავშირებით იყო პრობლემები. აქაც შემოვიღეთ ფირის გადაკვრის შესაძლებლობა და უკვე ასამდე მძღოლმა ისარგებლა ამ სერვისით.

გარდა ამისა, ვინც ათ ოქტომბრამდე ვერ მოასწრო დარეგისტრირება და შემდეგ არის დარეგისტრირებული, მათაც მივეცით შესაძლებლობა, მიეღოთ ვაუჩერები. ასევე, პირველი იანვრის შემდეგ დარეგისტრირებულებსაც, ვისაც 15 წელზე ახალი ავტომობილი ჰყავს, აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ როგორც გადაკვრის და შეღებვის ვაუჩერით, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერითაც.

​შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 95%, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, ყველა მოიცვა, რაც მნიშვნელოვანია, რათა მიიღონ აღნიშნული ვაუჩერები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსნებთ, რომ დღეს ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები