გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართა

გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის – „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართა. დღევანდელ მოსმენაზე მოხსენებებით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (UNDP, MCA), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „ქალები მომავლისთვის”, „ფერმერთა ასოციაცია”, ავიაინსტიტუტის, საქართველოს რკინიგზის, აჭარის ა/რ განათლების სამინისტროს და დუალურ პროგრამებზე მომუშავე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები წარდგნენ.

როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ თემატური მოკვლევის ჯგუფის ძირითადი თემაა ქალებისა და გოგონების პროფესიული განათლებისადმი ხელმისაწვდომობა, როგორც მათი ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი საფუძველი. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბიზნესი არის ის მთავარი დამსაქმებელი, რომელმაც უნდა გააკეთოს შეკვეთა, თუ რა ტიპის პროფესიები ესაჭიროება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ბიზნესის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

მომხსენებლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ბიზნესი და სახელმწიფო ერთობლივად უნდა მუშაობდნენ ამ მიმართულებით და ბიზნესსა და სახელმწიფო შეკვეთებს შორის სისტემური ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს.

თემატური მოკვლევის მთავარი მომხსენებლის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, ამ მოსმენებზე მიღებული ინფორმაციები გაანალიზდება და ივნისის პირველი ნახევრისთვის რეკომენდაციები შემუშავდება.

„ჩვენ გავაანალიზებთ ამ შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციებს, გაანალიზდება ამ სფეროში ჩატარებული კვლევები და ამის შემდეგ, შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომელიც წარედგინება პლენარულ სხდომას. შემდეგ რეკომენდაციები მიეწოდება ყველა რელევანტურ უწყებას და პარლამენტი სისტემატურად განახორციელებს მონიტორინგს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე”,-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები