“ღმერთს ვეხვეწები, რომ გავუძლოთ სიდუხჭირეს” – 5-სულიან ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

“განგებამ ამ ბავშვებს მძიმე ხვედრი არგუნა. ისინი შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მამამ ისინი მიატოვა, თუმცა დედა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ პატარებს საკვები და ტანსაცმელი არ მოაკლდეს, მაგრამ ახალგაზრდა ქალი მატერიალური სიდუხჭირის წინაშე უძლურია და შველას ითხოვს!”-ამის შესახებ ინფორმაციას “ჩერნოვეცკის ფონდი” ავრცელებს.
ფონდი ბავშვების დედას, ნინო ბექიშვილს ესაუბრა, სადაც მან ოჯახში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
– მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ, როგორ აღმოჩნდით ასეთ სავალალო მდგომარეობაში?
– ქმარმა 2 წლის წინ მიგვატოვა და მას შემდეგ არც გამოჩენილა. ძალიან მიჭირს ბავშვების მოვლა, ვერ ვუმკლავდები უამრავ პრობლემას. ხშირად საჭმელი არ გვყოფნის, ხანდახან კი – ვშიმშილობთ. ბავშვებს არ აქვთ განვითარების ნორმალური პირობები და გული მიკვდება, როდესაც მათ მომავალზე ვფიქრობ.
– როგორია თქვენი შემოსავალი?
– სოციალურ შემწეობას ვიღებთ, რომელსაც პროდუქტებზე ვხარჯავთ. ამას ემატება კომუნალური გადასახადები და რაიმე საჭირო ნივთის საყიდლად ფული არ გვრჩება. მაგალითად, ბავშვები ერთ საწოლზე წვანან. ჩვენ არც ტელევიზორი გვაქვს და არც მაცივარი, არც გამათბობელი და არც თეთრეული.
– სახლი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თქვენი საკუთარია?
– ამ ნახევრად დაუმთავრებელ სახლში ჩვენი მხოლოდ 2 ოთახია. აქ საშინელი საცხოვრებელი პირობებია: ირგვლივ ნესტის სუნი დგას, სახურავიდან წვიმა ჩამოდის, კედლებზე ობი გაჩნდა…
– დახმარებისთვის მიმართეთ ხელისუფლებას ან თქვენი საარჩევნო ოლქის დეპუტატს?
– გამგეობას მივმართე და მივაღწიე იმას, რომ წელიწადში 4-ჯერ 200 ლარს მაძლევენ ფინანსურ დახმარებას. სარეცხი მანქანა სოციალური მომსახურების სააგენტომ შეისყიდა ჩვენთვის… რაც შეეხება დეპუტატს, მისთვის არ მიმიმართავს თხოვნით. რა, განა შეიძლება?
– რა თქმა უნდა. დეპუტატი ვალდებულია, რომ იზრუნოს ამომრჩეველთა კეთილდღეობაზე. ნინო, რაზე ოცნებობთ?
– მე ვოცნებობ ჩემი შვილების კარგად ყოფნაზე! ღმერთს ვეხვეწები, რომ გავუძლოთ ამ სიდუხჭირეს და ჩვენც გვქონდეს ნორმალური ცხოვრება!
– ბავშვებო, თქვენ რაზე ოცნებობთ?
სალომე (10 წლის) :
– მე ვოცნებობ, რომ ჩვენ არ ვიყოთ მშივრები, რომ პატარა ძამიკომ არ იავადმყოფოს… კიდევ ლამაზ კაბაზე ვოცნებობ.
თაკო (8 წლის):
– მეც ვოცნებობ ლამაზ კაბაზე და ახალ ფეხსაცმელზე. კიდევ ვოცნებობ, რომ ბაჭია დაგვიბრუნდეს, რომელიც ამას წინათ მოგვპარეს…
საბა (3 წლის):
– მე ნაყინზე ვოცნებობ, ძალიან მიყვარს…
მეგობრებო, ნინო ბექიშვილის ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საწოლს, მაცივარს, ტელევიზორს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს.
მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბექიშვილის ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის ჩვენი ვებგვერდიდანაც – https://chernovetskyifund.ge/ge/projects/457-beqishvili/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები