თამარ ჩუგოშვილი საიდუმლო ინფორმაციაზე პარლამენტის წვდომის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა

0

„პარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი კონსტიტუციური უფლება, ვალდებულება და მანდატი სწორედ ზედამხედველობის განხორციელებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჟენევის შეირაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ცენტრის (DCAF) ერთობლივი კვლევის – „პარლამენტის წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე” შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე  თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევა ნებისმიერი პარლამენტარისთვის საინტერესოა, რადგან, ერთი მხრივ, ძალიან მგრძნობიარე, ხოლო, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პარლამენტის გაზრდილ საზედამხედველო ფუნქციებსა და მათ მნიშვნელობაზე.
„ჩვენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ პარლამენტმა განავითაროს თავისი მაკონტროლებელი ფუნქციები, თავისი საზედამხედველო ფუნქციები იმიტომ, რომ თითქმის არასდროს, არცერთი მოწვევის პარლამენტს, რეალურად, ენერგია არ ჩაუდია იმაში, რომ ეკონტროლებინა მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება ან სხვა ანგარიშვალდებული ორგანოები. პარლამენტი საკუთარ თავს, ძირითადად, ხედავდა როგორც კანონმდებელი და ნაკლებად როგორც პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც შეიძლება მიდიოდეს ხელისუფლების სხვა შტოებში. ამის შეცვლა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა საპარლამენტო დემოკრატია, საპარლამენტო რესპუბლიკა, მაშინ პარლამენტმა ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყნაში მიმდინარე პროცესებზე, ვიდრე მხოლოდ კანონების შექმნაა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა და პარლამენტის ახალმა რეგლამენტმა მნიშვნელოვნად გაზარდა საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქცია.
„პარლამენტის საქმიანობის ძალიან დიდი დრო უკვე საზედამხედველო ფუნქციას მიაქვს. იმ სამართლებრივი ბაზით, რომელიც ჩვენ ახლა გაგვაჩნია, მინდა ორად გავყო ეს ნორმები. ერთია – პარლამენტის მანდატი, რომელიც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს, ოღონდ არა დახურულ და საიდუმლო ინფორმაციას. ამ საქმიანობის საკონტროლებლად პარლამენტს აქვს უამრავი ახალი მექანიზმი, დაწყებული მინისტრის დაბარებიდან, გაგრძელებული თემატური მოკვლევებით, კანონმდებლობის აღსრულების კონტროლით და ა.შ. საქართველოს პარლამენტმა ძალიან კარგად დაიწყო ამ მექანიზმების გამოყენება და საზოგადოება სულ მალე დაინახავს იმ სიკეთეებს, რაც ამ მექანიზმებს შეულია მოგვიტანოს. კიდევ უფრო საინტერსოა მეორე ნაწილი, რომელიც არის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა და საიდუმლო ნაწილის კონტროლი. პარლამენტში არსებობს მექანიზმი – ნდობის ჯგუფი ანუ პარლამენტის წევრების შეზღუდული რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს პარლამენტმა ანდო სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომა და ასეთი ინფორმაციის კონტროლი”,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პრეზენტაციის მონაწილეებს ახალი რეგლამენტის თანახმად პარლამენტის ნდობის ჯგუფის გაზრდილი მანდატი გააცნო.
„ჩვენს კანონმდებლობაში უკვე წერია, რომ ნდობის ჯგუფი უნდა აკონტროლებდეს არა მხოლოდ შესყიდვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, არამედ ფაქტობრივად ნებისმიერ საიდუმლო ინფორმაციას, რომელსაც ფლობენ თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებები და კანონში კონკრეტულად ჩამოწერილია ეს უწყებები. ამ ცვლილებით ნდობის ჯგუფის მანდატი სერიოზულად გაფართოვდა, ანუ რეალურად შეიქმნა სახელმწიფოს საქმიანობის და ოპერირების საიდუმლო ნაწილის კონტროლის მექანიზმი”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ამ უწყებებმა თავისი საქმე შეასრულონ გამართულად და კარგად, მათ მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.
„საზოგადოების ნდობას ამ უწყებების მიმართ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და იმისთვის, რომ ნდობა არსებობდეს, ზედამხედველობის კონტროლის მექანიზმები გამართულად უნდა მუშაობდეს. განხორცილებული ცვლილებების შემდეგ, ნდობის ჯგუფი ეს არის ძალიან მცირე ჯგუფი, უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და ძალიან დიდი ნდობით საკანონმდებლო ორგანის მიმართ”, – აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, კვლევის შედეგების გაცნობას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრის თვალსაზრისით.
„პრეზენტაციას დიდი ინტერესით ველოდებით იმიტომ, რომ ჩვენთვისაც საინტერსოა, თუნდაც სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე ან ჩვენი კანონმდებლის ანალიზიდან გამომდინარე, სად არის სივრცე, რომ შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ. სრულიად ვაცნობიერებთ, რომ ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ რეგლამენტით გვაქვს, ფაქტობრივად, პირველი ნაბიჯებია. ცოტა დრო იქნება სჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაცია როგორ მოხდება. ჩვენ ვეცდებით, რომ რაც კანონმდებლობაში გვიწერია მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელოთ, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ ბევრი იქნება გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი იყოს სრულიად შემდგარი და გამართული”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი