საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტების უმრავლესობა მეგობრების ან ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა

0

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 677.4 ათასი გასვლა დაფიქსირდა. აქედან უდიდესი ნაწილი, 44.7 პროცენტი, 31-50 წლის ასაკის მოგზაურები იყვნენ.
საქსტატმა მთლიან მოგზაურებში, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, ვიზიტორთა რაოდენობაც გამოთვალა და მათმა რაოდენობამ 484.8 ათასი შეადგინა.
უწყების განმარტებით, ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით წასული, საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).
2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.3 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების ან ნათესავების მონახულების მიზნით.
საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ, ასევე, მიდიან შოპინგისთვის (26.2 პროცენტი), პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად (15.6 პროცენტი), დასასვენებლად ან გართობის მიზნით (15 პროცენტი) და სამკურნალოდ (4.2 პროცენტი).
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი