ლონდა თოლორაია სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაზე – „მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, დადგება ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი“

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ ლექტორის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შესახებ.
ლონდა თოლორაიას თქმით, მას შემდეგ, რაც ყველა პირი იქნება გამოკითხული და გამოძიებისთვის ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი დადგება.
„დავიწყებ იმით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი შევიდა ძალაში, რომლის ერთ-ერთი აღმასრულებელი გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტრო. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება კანონის აღსრულება იმ შემთხვევაში, როდესაც სექსუალური შევიწროება ჩადენილია საზოგადოებრივ ადგილზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ როგორც გამომძიებელთა ცნობიერების ამაღლება ახალი კანონმდებლობის შესახებ, ასევე, დავიწყეთ მათი შესაბამისი ინსტრუმენტებით აღჭურვა.
რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ფაქტზე დაწყებული არის გამოძიება და როგორც თქვენთვის ცნობილია ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ. შესაბამისად, მას შემდეგ რაც ყველა პირი იქნება გამოკითხული და გამოძიებისთვის ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, დადგება ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი.
როგორც უკვე აღვნიშნე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღსრულებას ექვემდებარება შევიწროება, როდესაც იგი საზოგადოებრივ ადგილას არის ჩადენილი. თუ გამოძიებით გამოიკვეთება, რომ ეს შევიწროება სწორედ ამ ადგილას არის ჩადენილი, მაშინ ცხადია ამაზე რეაგირებას მოახდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გადაიგზავნება იმ ორგანოში, რომელმაც ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ასევე, რადგან გამოძიება დაწყებულია, ნიშნავს იმას, რომ თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, დადგება დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“,- აღნიშნა თოლორაიამ.
რაც შეეხება მოძალადისთვის გათვალისწინებულ სასჯელს – ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ამის მიხედვით განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი დანაშაული თუ იქნება ეს ადმინისტრაციული გადაცდომა.
„ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ცოტა რთულია იმიტომ, რომ იქნება ეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული თუ იქნება ეს ადმინისტრაციული გადაცდომა, სწორედ ამის გამიჯვნის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“, – აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები