სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის გოგონები კონკურს Intel ISEF-2019-ის გამარჯვებულები გახდნენ

სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მოსწავლეებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს. შორენა გუჯაბიძემ, დეა ილარიონოვამ და მარინა გუჯაბიძემ, სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორის თეიმურაზ ჩიჩუას ხელმძღვანელობით, უნიკალური ხელსაწყო გამოიგონეს და უდიდეს საერთაშორისო კონკურს Intel ISEF-2019-ის ერთ-ერთი გამარჯვებულები გახდნენ – ამის შესახებ „კვირას“ საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მოსწავლე გოგონების ჯგუფმა პროექტისთვის „მოზაიკური ეკრანი ოპტიკური არაერთგვაროვნებების გამოსავლენად“ Intel ISEF-2019-ის დაჯილდოების ცერემონიაზე პირველი ადგილი მოიპოვა.
Intel ISEF-2019-ის გამარჯვებულთა ვინაობა 16-17 მაისს გახდა ცნობილი. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველომ ამ მინიშვნელოვან კონკურსზე გამარჯვებას მიაღწია და ორივე ჯერზე წარმატება წილად ხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მოსწავლეთა ჯგუფების მიერ შესრულებული მეცნიერული კვლევების შედეგებს.
საერთაშორსო კონკურსი Intel ISEF-2019 არიზონას შტატის ქ. ფენიქსში ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსწავლეები ნობელის პრემიის ლაურეატების ლექციებს, შემეცნებით ღონისძიებებსა და ცერემონიებს დაესწრნენ. კონკურსის მესამე დღეს კი ქართველმა მოსწავლეებმა პროექტი – „მოზაიკური ეკრანი ოპტიკური არაერთგვაროვნებების გამოსავლენად“ ჟიურის წარუდგინეს და Special Award-ის ცერემონიაზე, ნომინაციაში SPIE (Society of Photo-Optical Instrumentation Engineers) პირველი ადგილი და ფულადი ჯილდო 2 500 აშშ დოლარი მოიპოვეს.
ქართველი გოგონების პროექტი ისეთი უხილავი მოვლენების ვიზუალიზაციას გულისხმობს, როგორიცაა: გაზის გაჟონვა, ცივი და ცხელი აირების მოძრაობა, აეროდინამიკა, ბალისტიკა და ა.შ.
Intel ISEF-ის კონკურსის ფარგლებში, ასევე, გაიმართა Grand Award-ის ცერემონია, რომელზეც ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მოსწავლე გოგონებმა, დამატებით, ფიზიკის კატეგორიაში გამოტანილ 70 პროექტს შორის მეოთხე ადგილი და ფულადი ჯილდოც დაიმსახურეს.
სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-GESS”-ის მოსწავლეები – შორენა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვა და მარინა გუჯაბიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიაში წლებია, რაც STEM-ის მიმართულებით მუშაობენ.
გუნდური მუშაობა STEM-კლუბში კი სამი წლის წინ დაიწყეს და სერიოზულ წარმატებას მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ მიაღწიეს – ჯერ მესამე ადგილი და შემდეგ, 2018 წელს გრან პრი დაისაკუთრეს და Intel ISEF-ის კონკურსზე, გაუმჯობესებული მეცნიერული შედეგებითა და შეძენილი გამოცდილებით მეორედ გაემგზავრნენ.
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონკურსში Intel ISEF, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველო უკევ ექვსი წელია მონაწილეობს. ამ უდიდეს კონკურსში მონაწილეობის უფლება, ყოველწლიურად, მსოფლიოს დაახლოებით 2500 საუკეთესო მოსწავლეს ეძლევა, მათ ნაშრომებს საბოლოოდ კი ნობელის პრემიის ლაურეატები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი მკვლევრები აფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები