ივანე მაჭავარიანი: ის მოსაზრება, რომ ლარის კურსის ცვლილება ბიზნესს აკოტრებს, არასწორია

 

“მოკლევადიანი რყევები, ზოგადად, ახასიათებს ყველა ქვეყანას, მით უმეტეს – განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საგანგაშო არაფერი ხდება და ეს მოკლევადიანი რყევაა.
„როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები არის კარგი, ამას, რასაკვირველია, ვასაბუთებთ ციფრებით. ზედიზედ 3 წელია, მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2017 წელთან შედარებით განახევრდა. ასევე, 3 წელია, ზედიზედ ექსპორტი იზრდება. აპრილის მონაცემებით, 30%-იანი ზრდა იყო. ესეც სერიოზული მაჩვენებელია. ამ მიმართულებით სვლა უნდა განვაგრძოთ. ამის პარალელურად, ტარდება დედოლარიზაციის ღონისძიებები. დოლარზე დამოკიდებულება, ალბათ, სრულად არ გაქრება, მაგრამ ეს ტენდენციები რომ გაგრძელდეს, ჩვენ უფრო დაცულები ვიქნებით ყველა ტიპის რყევისგან.
მოკლევადიანი რყევები, ზოგადად, ახასიათებს ყველა ქვეყანას, მით უმეტეს – განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ხოლმე, ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც. განსაკუთრებული არაფერი ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მას პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მაგ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ეროვნული ვალუტა ყველაზე დიდ მდგრადობას აჩვენებს რეგიონში და ის მოსაზრება, რომ მისი ცვლილება ბიზნესს აკოტრებს, არასწორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები