კახა კალაძე: გაუგებარია, საერთოდ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ტაქსების რეგულაციების გადავადებას ითხოვენ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებისთვის დაწესებული რეგულაცია, რაც პრობლემას წარმოადგენდა მათთვის, მერიამ მაქსიმალურად გაითვალისწინა. მისთვის გაუგებარია, საერთოდ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც რეგულაციების გადავადებას ითხოვენ.
მერის განცხადებით, აღნიშნული რეფორმით მგზავრებიც და მძღოლებიც იამაყებენ.
“ადამიანები, რომლებიც ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ, საერთოდ, არ ვიცი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ.
დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან.
2021 წლამდე დავუშვით მარჯვენასაჭიანი ავტომობილები „B კატეგორიაში“, თუმცა შემდეგ მოუწევთ ავტომობილების შეცვლა. გარდა ამისა, ვინც 10 ოქტომბრის შემდეგ იყო დარეგისტრირებული და ვერ იღებდა ვაუჩერს, მივეცით ქიმწმენდის, ღებვისა და გადაკვრის ვაუჩერები. ანუ ყველანაირი მოთხოვნა, რაც იყო და პრობლემა, რაც აწუხებდათ ამ ადამიანებს, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება. ამ რეფორმით ყველა ერთად ვიამაყებთ, როგორც მგზავრები, ისე – ტაქსის მძღოლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, ტაქსის მძღოლების საორგანიზაციო ჯგუფმა დღეს ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადება მოითხოვა. საორგანიზაციო ჯგუფის წევრის, ლევან ხუზაურაშვილის განცხადებით, ტაქსის მძღოლები მერიას დაგეგმილი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე სთხოვენ, უარის მიღების შემთხვევაში კი, მათი თქმით, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები