კომპანია AiCar-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
“ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” მიერ 22 მაისს გავრცელებული ინფორმაცია კომპანია AiCar-ის შესახებ არის მცდარი და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვას”, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია AiCar-ი ავრცელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„კომპანია AiCar 2018 წლიდან საქმიანობს.
კომპანიის სადამფუძნებლო სტრუქტურა და რეგისტრაციის მონაცემები არის ღია, გამჭვირვალე ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე. ამდენად, სრული სიცრუეა „რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, AiCar-ი რუსული კომპანიაა. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას – AiCar-ი მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრომობილებით მომსახურებას სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
AiCar-ის პარტნიორები და მომწოდებლები არიან ამ სფეროში წარმატებული კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორისაა: გერმანია, უკრაინა და იაპონია. ამჟამად, აპლიკაცია მუშაობს სატესტო რეჟიმში. რაც შეეხება აპლიკაციაში რეგისტრაციისას შეყვანილი პირადი მონაცემების დაცულობას – სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი კომპანიის სერვერები, სადაც ხდება მომხმარებლების მონაცემთა ბაზების შენახვა, მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე. სერვერები იმყოფება 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ და ხელმისაწვდომი არ არის არავითარი მესამე მხარისთვის, მით უფრო – რუსეთისთვის, როგორც ამას ზემოხსენებული მედიასაშუალება აცხადებს.
კომპანია AiCar-ი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, კომპანიის საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – ნათქვამია განცხადებაში.
R