„ასტრა პარკის“ დირექტორი: ყოფილი დირექტორი ფირმის გაკოტრებასა და შემდეგ მის ხელში ჩაგდებას ცდილობს
გასართობი ცენტრის, „ასტრა პარკის“ დირექტორი – თამაზ შაფათავა აცხადებს, რომ ფირმის ყოფილი დირექტორი – დურმიშხან ხუციშვილი „ასტრა პარკის“ ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამის შესახებ თამაზ შაფათავამ და მისმა ადვოკატმა ვეფხია გელაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრეკსონფერენციაზე ისაუბრეს. როგორც შაფათავამ განმარტა, ხუციშვილი ფირმის ჩაგდებას ვიქტორ ახალბედაშვილის მეშვეობით ცდილობს. შაფათავას თქმით, მათი უპირველესი მიზანი ფირმის ჯერ გაკოტრება და შემდეგ მისი შესყიდვაა.
„ჩვენი საკითხი იხილებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკურ პირთან იყო დავა, ეს იყო ვიქტორ ახალბედაშვილი, რომელიც გვედავებოდა, თითქოსდა, მას ჰქონდა მიბარების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე „ასტრა პარკის“ ტერიტორიაზე ინახავდა კინოთეატრის მოწყობილობას. შემდგომ ამისა, მან განაცხადა ფირმის დირექციასთან, რომ სურდა, წაეღო აღნიშნული მოწყობილება, რაშიც, თითქოსდა, ხელი შეუშალა „ასტრა პარკის“ ხელმძღვანელობამ და მას მიადგა ზიანი, ანუ მან დააყენა სასამართლოში მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით. მიუღებელი შემოსავლის დადასტურება საკმაოდ რთულია. მას ამის დადასტურება არ გააჩნდა პირველი ინსტანციის სასამრთლოს განხილვის დროს. შესაბამისად, სასამართლომ უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შემდეგ ეს გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. ახალბედაშვილისთვის ცნობილი გახდა, რა ხარვეზი ჰქონდა პირველ ინსტანციაში და რატომ არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, კერძოდ ის, რომ მას არ ჰქონდა შემოსავლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მან სააპელაციო სასამართლოსთვის ხელოვნურად შექმნა დოკუმენტაცია, თითქოს, მან აღნიშნული მოწყობილობა გააქირავა ჯერ ერთ კომპანიაზე, მერე – მეორეზე. მან მიიღო შემოსავლები და ეს წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოში. ჩვენ ვაპელირებდით იმაზე, რომ ეს დოკუმენტები სააპელაციო სასამართლოსთვის თვალისასახვევად იყო შექმნილი. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და „ასტრა პარკს“ დააკისრა 144 ათასი ლარი გადასახდელად. ამის შემდეგ მივმართეთ პროკურატურას, რათა მომხდარიყო ამ საქმის გამოძიება , რადგან თაღლითური ქსელით იყო წარმოდგენილი ხელშეკრულებები. პროკურატურისგან არ ყოფილა რეაგირება. 5 თვის შემდეგ მივიღეთ შეტყობინება, რომ არ არსებობს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და საქმე არ იქნა აღძრული. უარი გასაჩივრებული გვაქვს გენერალურ პროკურატურაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტულება გასაჩივრებული გვაქვს უზენაეს სასამრთლოში“, – განაცხადა ადვოკატმა.
„ასტრა პარკის“ დირექტორს თქმით, ახალბედაშვილის უკან ფირმის ყოფილი დირექტორი დგას.
„მიიჩნიეთ, არც პროკურატურა არსებობს საქართველოში და არც – სასამართლო სისტემა. თუ განიზრახა თაღლითმა რამის ხელში ჩაგდება, ან ვინმეს რამით დაზარალება, ეს მას შეუძლია, თუ მას ჰყავს ვინმე ნაცნობი ან პროკურაუტრაში, ან სასამართლოში, რაც გამოიყენა ამ შემთხვევაში ჩვენმა მოწინააღმდეგემ. რაც შეეხება ფირმას – დააკისრეს 144 ათასი ლარი, ამის გადახდა შეიძლება, შეუძლებელი გახდეს ფირმის გაყიდვის გარეშე. ამიტომ ვამბობ, რომ ფირმის ხელში ჩაგდება განიზრახეს. ეს არის ფირმის ხელში ჩაგდების ჯგუფური განზრახვა. ეს განზრახვა აქვს ამ ფირმის ყოფილ დირექტორს, ამას აკეთებს ახალბედაშვილის ხელით. ახალბედაშვილი მაგის მოყვანილია ფირმაში, მაგის მიერაა ხელშეკრულება შექმნილი. ხელშეკრულება არის აბდაუბდა, ფორმალურად იყო გაკეთებული. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამას ვერ გაბედავდა, რომ არ ჰქონოდა დიდი მხარდაჭერა სასამართლოსი და პროკურატურის. აღმოჩნდა, რომ ვიქტორ ახალბედაშვილი იყო პროკურატურაში ნამუშევარი. მისი ძმა დღეს მუშაობს მცხეთის სასამართლოში მოსამართლედ.
მთავარი ეტაპი მათთვის იყო ფირმის გაკოტრება და შემდეგ – ყიდვა“, – განაცხადან შაფათავამ.