მამუკა ბახტაძე: საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი იქნება ერთ-ერთი წარმატებული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული

„საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი იქნება ერთ-ერთი წარმატებული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმინისტრის შეფასებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის წარმატება გადის ორგანულ, ბიო წარმოებაზე და ამ მიმართულებით ქვეყანამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე.

„ჩვენ გვაქვს ფიზიკური შეზღუდვები და ვიცით, რომ ჩვენ სხვადასხვა კულტურის ისეთი მასობრივი მწარმოებლები ვერ ვიქნებით, როგორიც არის სხვა უფრო დიდი მიწის მქონე ქვეყნები. მაგრამ ჩვენ გვაქვს უნიკალური ბუნება და საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ჰქონდეს წარმატებული მწვანე ეკონომიკა. სოფლის მეურნეობაში ეს უნდა გადავთარგმნოთ, როგორც ორგანული, ბიო წარმოება. მსოფლიო მასშტაბით ორგანულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და ეს არის სწორედ ჩვენი ნიშა. ჩვენ უნდა გავყიდოთ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე აგრო პროდუქცია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან, ამას სჭირდება ერთობლივი ინვესტიციები განათლებაში, ტექნოლოგიებში, ამას სჭირდება ის, რომ სახელმწიფომ გაუხსნას ფერმერებს საერთაშორისო ბაზრები. ჩვენი ბაზარი საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ არა მხოლოდ ეს დარგი, არამედ ზოგადად, ეროვნული ეკონომიკა განვითარდეს უფრო სწრაფი ტემპებით და ამიტომაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ საქართველოს ინტეგრირება მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური გზით. რა თქმა უნდა, ევროპული ბაზარი არის უმთავრესი პრიორიტეტი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მნიშვნელობაზე ევროკავშირთან და ჩინეთთან და აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ორ ყველაზე მსხვილ ეკონომიკასთან მსოფლიოში. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროს თანადაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ იმ დარგის განვითარებისთვის, რომელსაც ზრდის პოტენციალი აქვს, სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებს გააგრძელებს.

„როდესაც ისმის კითხვა, რამდენად მართებულია, რომ სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებებს, მხარდაჭერებს სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროექტების მიმართ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით ერთგვარი სუბსიდიაა. ამაზე მე მაქვს ძალიან მარტივი პასუხი – შარშან ჩვენ შევძელით და დაახლოებით მილიარდ დოლარს გადააჭარბა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა. ასევე შარშან, კახეთში ჩვენმა მეწარმეებმა მიიღეს ყველაზე დიდი შემოსავალი. ეს იყო ისტორიული მაქსიმუმი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მევენახეობას ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად ვეხმარებოდით და შედეგმაც არ დააყოვნა. მსოფლიოში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს მხარდამჭერი პროგრამები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პროგრამას, პირიქით, მე ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს არაეფექტური, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარგის განვითარებაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი გაიზარდოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და დოვლათი ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, გადამწყვეტი სიტყვა თქვას სიღარიბესთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი არის ძალიან ნათელი – ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ პროგრამებს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ და სოფლის მეურნეობის მინისტრს აქვს დავალება, რომ წელს შევძლოთ და მეტი დაფინანსება გამოვყოთ და რა თქმა უნდა, 2020 წელს ვისაუბროთ კიდევ უფრო მასშტაბურ მხარდაჭერაზე”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები