თამარ ჩუგოშვილი: ნაადრევი ქორწინება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს

„ასეთი ტრაგიკული დასასრული, რაც აღაიანში მოხდა, კიდევ ერთხელ გვაიძულებს, ნაადრევი ქორწინების თემას დამატებით ყურადღება მივაქციოთ“, – ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აღაიანში მომხდარ ტრაგედიას.
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, აღაიანში ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა.
„ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა და ამაზე საუბარი რთულია. ნაადრევი ქორწინება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასეთი ტრაგიკული დასასრული ჯერ არ გვქონია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვაიძულებს, დამატებით ყურადღება ნაადრევი ქორწინების თემას მივაქციოთ. ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სკოლებს, შესაბამის უწყებებსა და საზოგადოებას ადეკვატური აღქმა ჰქონდეს, თუ რატომ არის ეს პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა – სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის“, – დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. გუშინ დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვიდი თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები