დავით მესხიშვილი: საქართველოს რამდენიმე რაიონს ავტომობილების ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება

“საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოაციაციის” პრეზიდენტის, დავით მესხიშვილის განცხადებით, საქართველოში  რამდენიმე რაიონს ავტომობილების ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება. ამის შესახებ მესხიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე ისაუბრა.
„დღემდე ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს: ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ასპინძა ყაზბეგი, თიანეთი, მესტია, ცაგერი, მარტვილი, ლენტეხი. აქ მოსახლეობა, დაახლოებით, 155 ათასზე მეტია. როცა ეკონომიკის სამინისტრო აცხადებდა ინტერესთა გამოხატვას, მთავარი მიზანი იყო, რომ ტექინსპექტირება ყოფილიყო ყველა რაიონში, ანუ გეოგრაფიულად ყოფილიყო ხელმისაწვდომი, არ შექმნილიყო ამ თვალსაზრისით პრობლემა, ადამიანებს არ უნდა უწევდეთ ძალიან ბევრი კილომეტრის გავლა იმისთვის, რომ მიიღონ ინსპექტირების სერვისი. ინტერესთა გამოხატვაში ჩვენ ვნახეთ, რომ სამი მოძრავი ხაზია, რომლებიც წესით იყო გათვალისწინებული ზუსტად ამ მუნიციპალიტეტებისთვის. თუმცა, ეს მოძრავი ხაზები დღეს განთავსებულია ბათუმის, ზუგდიდის, ახალციხის ცენტრებში და არ ავიდნენ მთიან რეგიონებში. ალბათ, აქ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ, ბიზნესინტერესის გამო, კომპანიებს ურჩევნიათ, ასეთი სერვისი მიაწოდონ ქალაქის ცენტრებში. მაგრამ ეკონომიკის სამინსიტროს დანაპირები, რომ ეს იქნებოდა გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, სამწუხაროდ, არ არის შესრულებული. ამ დროს რა ხდება: ინსპექტირებისთვის დამატებით უწევთ მძღოლებს არაერთი კილომეტრის გავლა. თუ ავტომობილი დახარვეზდა, მაგალითად, ბათუმში ხულოდან ჩამოსული, ის კვლავ უნდა დაბრუნდეს, ეს გზა მეორედ გაიაროს. აქ გასათვალსიწინებელია ის, რომ არის ეკონომიკური ხარჯი, ანუ ვიღაცისთვის  თუ ინსპექტირება 60 ლარი ღირს, მათთვის ეს უკვე ძვირდება, უწევთ დამატებით საწვავის ხარჯის გაწევა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მუნიციოპალიტეტები დარჩნენ ამ სერვისის გარეშე. მოძრავი ხაზები, წესით, არსებობს ზუსტად იმიტომ, რომ მოემსახურონ ამ მუნიციპალიტეტებს, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, დამოკიდებულია კომპანიის კეთილსინდისიერებაზე, ვინც უნდა მიაწოდოს ეს სერვისი. ამას ხელს უწყობს ის, რომ შესაბამისი რეგლამენტი არ არსებობს, ვთქვათ ინსპექტირების ცენტრი რამდენ ხანს უნდა იყოს გაჩერებული ქედაში, შუახევში. ანუ ეს სქემა არ არსებობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექინსპექტირების რეფორმა არის დარტყმის ქვეშ  იმიტომ, რომ მენეჯმენტის ნაწილში სერიოზული პრობლემებია“, – განაცხადა მესხიშვილმა.
მისივე თქმით, ტექინსპექტირების სფეროში არსებული პრობლემები დაუყოვნებლიოვ გადაჭრას საჭიროებს და ამით ეკონომიკის მინისტრი პირადად უნდა დაინტერესდეს.
„უნდა ითქვას, რომ აკრედიტაციის სააგენტოში, რომელიც არის ზედამხედველი ორგანო, დღემდე არ არის დანიშნული დირექტორი. რეფორმა ეხება მილიონ 200 ათასამდე ავტომობილს, ამ დროს კი არ არის დანიშნული აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი, რაც მიუღებელია. ჩვენ მივმართავთ ეკონომიკის მინისტრს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ საჭიროა მისი უშუალო ჩართულობა ამ პროცესში. მოვუწოდებთ მას, რომ პირადად დაინტერესდეს. ტექინსპექტირების სფეროში არის პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლიოვ საჭიროებს გადაჭრას“, – განაცხადა მესხიშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები