მამუკა ბახტაძე: საქართველოში ვინც სოფლის მეურნეობას აკრიტიკებს, არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია

“საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს, ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია ან, უბრალოდ, დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმით”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით შესაძლებელია, მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები, რადგან მხოლოდ ადმინისტრაციული გზით სოფლის მეურნეობა არ მოიტანს იმას, რაც ქვეყანას სჭირდება.
„ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, ახალგაზრდებში მეწარმეობა იყოს წახალისებული. განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს. ეს, ჩემი აზრით, არის იმის შედეგიც, რომ გარკვეულწილად სწორი ანალიზი არ მომხდარა საზოგადოებაში, რა პრობლემები და რა პერსპექტივები აქვს სოფლის მეურნეობას. საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო. მოქალაქეების უმრავლესობა, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, პროდუქციას მოიხმარს პირადი მოხმარებისთვის და, ბუნებრივია, ასეთ სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა, ეს მხოლოდ გააღვივებს იმ პრობლემასთან ბრძოლას, რასაც ჰქვია სიღარიბესთან ბრძოლა. სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომ ფერმერებმა პროდუქტის რეალიზაცია მოახდინონ, მიიღონ შემოსავალი და მოიხმარონ, აქ არის წარმატების ფორმულა. საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს. ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია ან, უბრალოდ, დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმით. დარწმუნებული ვარ, ეს არის დარგი, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ჩვენი ეროვნული ეკონომიკის განვითარების საკითხებში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები